ახალი ამბები

ჩვენი მოლოდინია, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს — დავითაშვილი

16 მაისი, 2022 • 1863
ჩვენი მოლოდინია, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს — დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს მიერ საწვავის ბაზრის შესწავლით დადგინდა, რომ ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასების ზრდის ეფექტი არ იყო საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაძვირებასთან თანხვედრაში.

„ყოველ შემთხვევაში, ის ზრდის ეფექტი, რაც იყო, არ არის საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებასთან თანხვედრაში. მას ჰქონდა თავისი ინერცია და რამდენიმეკვირიანი წანაცვლებით არ აისახა საწვავის საცალო ფასები ე.წ. ტაბლოებზე, მაჩვენებლებზე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო საწვავის როგორც საცალო გამყიდველებთან, ასევე იმპორტიორებთან“, — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და კონკურენციის სააგენტოს ექნება კომუნიკაცია საწვავის იმპორტიორებთან და საცალო გამყიდველებთან.

„რათა [კონკურენციის სააგენტოს] მიგნებები ან დადასტურდეს კომპანიების მხრიდან და მოხდეს ფასების კორექტირება, ან ჩვენ ველოდებით რაიმე მყარ არგუმენტებს, რომელიც მე არ მგონია, რომ უნდა არსებობდეს.

ჩვენი მოლოდინია, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს“, — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 მაისს განაცხადა, რომ ქვეყანაში იაფფასიანი საწვავის შემოტანა დაიწყო, მაგრამ ეს არ ასახულა ფასებზე.

მისი განცხადებით, ვითარება კონკურენციის სააგენტოს უნდა შეესწავლა.

საქართველოში საწვავის ფასები განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა.

23 მარტს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 4 ლარზე ძვირი ღირდა. მსგავსი ფასები ამ დრომდე ნარჩუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი