ახალი ამბები

მძიმედ ხელშემშლელი ფაქტორია EU-ს გზაზე – „ლელო“ გვარამიას დაპატიმრებაზე

16 მაისი, 2022 • 465
მძიმედ ხელშემშლელი ფაქტორია EU-ს გზაზე – „ლელო“ გვარამიას დაპატიმრებაზე

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება, ხელისუფლების ბოლოდროინდელ ნაბიჯებთან ერთად, პირდაპირი ნიშანია, რომ „საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხის ქვეშ არის და ქართულ ოცნებას გეზი რუსეთისკენ აქვს აღებული“.

„პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელმა და ასევე ბინძურ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამართლიანი სასამართლო ამ ქვეყანაში არ არსებობს“, – აცხადებს პარტია „ლელო“.

პარტიის შეფასებით, ნიკა გვარამიასთვის 3.5 წლით პატიმრობის მისჯა არის „თავისუფალ მედიაზე ტოტალური კონტროლის დამყარების პირდაპირი გზავნილი“:

„ხელისუფლებას აქვს აუტანლობა კრიტიკული მედიის მიმართ, ხელისუფლებას აშინებს მედიაპლურალიზმი. ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური ლიდერების დევნა. ქვეყანაში არის დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რყევა და ხშირ შემთხვევაში მათი მოშლა“, – აცხადებენ პარტიაში.

პარტიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „დღევანდელი უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება მძიმედ ხელისშემშლელი ფაქტორია ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის ბრძოლის გზაზე“. პარტიაში ასევე აცხადებენ, რომ ქვეყნის პარტნიორები „მუდმივად მოგვიწოდებენ პოლარიზაციის და პოლიტიკური ესკალაციის დასრულებისაკენ, რომელიც დღევანდელმა უსამართლო გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო მეტად შეიყვანა ჩიხში“.

„ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხის ქვეშ არის და ქართულ ოცნებას გეზი რუსეთისკენ აქვს აღებული. ქართული საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო ინსტიტუტების ვალდებულებაა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, – წერია განცხადებაში.

გვარამიას პატიმრობა მიუსაჯეს

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას ქმედება არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას.

გვარამასთან ერთად ბრალდებული იყო რ2-ის კიდევ ერთი ყოფილი მენეჯერი, კახა დამენია, რომელსაც 50000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს, ბრალდებული „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი კი მოსამართლემ გაამართლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი