ახალი ამბებიკომენტარი

2 რამ, რაც ხელისუფლებამ გვარამიას დაკავებით გვითხრა – ეკა გიგაური

16 მაისი, 2022 • 1648
2 რამ, რაც ხელისუფლებამ გვარამიას დაკავებით გვითხრა – ეკა გიგაური

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრების გადაწყვეტილება დაცლილია ლოგიკისა და სამართლებრივი არგუმენტებისგან.

ნეტგაზეთთან საუბარში გიგაური აცხადებს, რომ დღეს სასამართლომ შეასრულა მმართველი პარტიის დაკვეთა.

„მგონია, რომ ორ ძირითად რამეს გვეუბნება დღეს ხელისუფლება: პირველი, ის გვეუბნება, რომ გამოიყენებს ყველა სახელმწიფო ბერკეტს იმისთვის, რომ დაჩაგროს და ჩაახშოს კრიტიკული ხმა მედიაში და მეორე, ის ამბობს, რომ მას არ აინტერესებს ამ ქვეყნის რეპუტაცია, თუ როგორ გამოვიყურებით ჩვენ დასავლეთისთვის და რას გვეტყვის ჩვენ ევროკავშირი, ნატო, თუ სხვა საერთაშორისო გაერთიანება.

ამაზეა დღეს საუბარი, ეს ძალიან ცუდია მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის და ქვეყნის რეპუტაციისთვის და მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება და შეიძლება, უკვე ისეთ უფსკრულში გადავიჩეხოთ, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს,“ – განმარტავს გიგაური.

ჩვენს კითხვაზე, რამდენად ეთანხმება ის გვარამიას დაცვის მხარის შეფასებას, რომ ეს გადაწყვეტილება აბსურდულია, გიგაური ამბობს, რომ მისი შეფასებითაც ეს ასეა:

„თქვენ იცით, რომ შევაფასეთ ეს საქმე. ჩვენ გვქონდა სასამართლოს მეგობრის შეფასება და გავაგზავნეთ კიდეც სასამართლოში. ეს ნამდვილად არის აბსურდული და მთლიანად ეს გადაწყვეტილება დაცლილია ლოგიკისა და სამართლებრივი არგუმენტებისგან,“.


გვარამია სამ-ნახევარი წლით დააპატიმრეს

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს რ2-ის დირექტორობისას „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას ქმედება არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას.

გვარამიასთან ერთად ბრალდებული იყო რ2-ის კიდევ ერთი ყოფილი მენეჯერი, კახა დამენია, რომელსაც 50000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს, ბრალდებული „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი კი მოსამართლემ გაამართლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი