ახალი ამბები

გვარამიას დაკავება არის განაცხადი, რომ ხელისუფლება პუტინისკენ მიდის – ბოკერია

16 მაისი, 2022 • 1408
გვარამიას დაკავება არის განაცხადი, რომ ხელისუფლება პუტინისკენ მიდის – ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება კიდევ ერთი განაცხადია საქართველოს დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ ხელისუფლება არა “თავისუფლებისკენ და ევროპისკენ, არამედ პუტინისკენ მიდის”.

ამის შესახებ ბოკერიამ ნიკა გვარამიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ დღეს, 16 მაისს, “მთავარ არხთან” თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განაცხადა.

მისი შეფასებით, საქმე, რომლის საფუძველზეც ნიკა გვარამია დააკავეს, აბსურდულია, რადგან “ვინმე ცუდად მართავდა კომპანიას თუ კარგად”, ეს მხოლოდ კომპანიის შიგნით, შიდა განხილვის საგანი უნდა ყოფილიყო. ბოკერიას თქმით, ამისთვის ადამიანის დაკავება ნიშნავს, რომ ხელისუფლებას “შეუძლია ყველაფერი, ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში”, რაც მისი განცხადებით, ავტორიტარული რეჟიმის არსია, რომლისკენაც საქართველო “წლებია მიდის და რისკენ სვლაც დააჩქარა პერსონალურად ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ”.

“ეს არის განცხადი [დასავლელი პარტნიორებისთვის], ისედაც ეს შთაბეჭდილება იკვეთება ყველა ჩვენი პარტნიორისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება საპირისპირო გზით მიდის თავისუფლების ამბავში, ანუ არა ევროპაში, თავისუფალ სამყაროში, ევროატლანტიკურ სივრცეში დაბრუნებისკენ, არამედ პუტინისკენ.

თუმცა აქაც შეეცდება ის [ბიძინა ივანიშვილი], რომ იანუკოვიჩივით შეინარჩუნოს რაღაც ბუნდოვანება. ეს არ იქნება ეგრევე ლუკაშენკოს რეჟიმი, ყველა არხი რომ ზეგ დახუროს, მაგრამ ეს გზა აქამდე მიდის. ეს ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს”, — განაცხადა ბოკერიას.

ბოკერიას შეფასებით, ნიკა გვარამიას დაკავება ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის შიგნით ძალის დემონსტრირებისკენ და უიმედობის დათესვისკენ არის მიმართული და ახლა დისკუსიის დაყვანა გვარამიას მოწონება-არმოწონებაზე არასწორია, არამარტო მორალური თვალსაზრისითაც, არამედ პრაგმატულადაც.


„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას ქმედება არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას.

გვარამასთან ერთად ბრალდებული იყო რ2-ის კიდევ ერთი ყოფილი მენეჯერი, კახა დამენია, რომელსაც 50 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს, ბრალდებული „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი კი მოსამართლემ გაამართლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი