ახალი ამბები

მაკდონალდსი რუსეთიდან გადის და ბიზნესს ყიდის

16 მაისი, 2022 • 790
მაკდონალდსი რუსეთიდან გადის და ბიზნესს ყიდის

მაკდონალდსმა რუსეთში თავისი ბიზნესის გაყიდვა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ კომპანიამ ორშაბათს, 16 მაისს განაცხადა და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისზე ისაუბრა.

მაკდონალდსი რუსეთში 850 რესტორანს ფლობს და 62 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მარტში, კომპანიამ თქვა, რომ დროებით ხურავდა ხსენებულ რესტორნებს, თუმცა თანამშრომლებს ხელფასს მაინც გადაუხდიდა.

უკვე ახლა, კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსეთში დარჩენა „აღარ არის გონივრული და აღარც მაკდონალდსის ფასეულობებს შეესაბამება“.

AP-ის თანახმად, მაკდონალდსი დასძენს, რომ შეეცდება, თავის თანამშრომლებს რუსმა მყიდველმა ხელფასები მანამ გადაუხადოს, სანამ გაყიდვის ოპერაცია დასრულდება. კომპანია არ აკონკრეტებს, ვინ არის პოტენციური მყიდველი.

სააგენტო ციტირებს მაკდონალდსის აღმასრულებელ დირექტორს, კრის კემპჩინსკის, რომელიც დასძენს, რომ თანამშრომლებისა და ასობით რუსი მომწოდებლის „ერთგულებისა და ლოიალობის“ ფონზე, ქვეყნის დატოვება მარტივი გადაწყვეტილება არ არის.

„თუმცა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენი, მსოფლიო საზოგადოების წინაშე და ურყევი უნდა ვიყოთ ჩვენს ღირებულებებში“, — დაამატა მან.

ამ გადაწყვეტილების ფონზე, მაკდონალდსი ამბობს, რომ აპირებს, რუსეთში თავისი სიმბოლოების მოხსნა დაიწყოს. კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ შეინარჩუნებენ თავიანთ სავაჭრო ნიშნებს რუსეთში.

მოსკოვში მაკდონალდსის პირველი რესტორანი 1990 წელს, ბერლინის კედლის დანგრევიდან მცირე ხნის შემდეგ გაიხსნა. რესტორნის ამუშავებას და პირველი მენიუების გაცემას ათასობით ადამიანი ელოდა გრძელ რიგში.

მასალების გადაბეჭდვის წესი