ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს განმარტება სოც. ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე

13 მაისი, 2022 • 6686
თავდაცვის სამინისტროს განმარტება სოც. ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე

თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც ახალციხიდან სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებას ასახავს. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის შემდეგაც გაჩნდა კითხვები, რას უკავშირდება აღნიშნული გადაადგილება.

თავდაცვის უწყების თანახმად, ვიდეო ასახავს ახალციხიდან გორის მიმართულებით სარკინიგზო ვაგონებით ტექნიკის ტრანსპორტირებას, ხსენებული ტექნიკა კი წარმოადგენს პირველი ქვეითი ბრიგადის საკუთრებას, რომელიც გეგმური ასეულის დონის საველე სწავლების შემდეგ ბრუნდებოდა ქალაქ გორში.

“ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და რკინიგზის გამოყენებით აღნიშნულ პოლიგონზე წლებია გეგმური სწავლებების ფარგლებში ტექნიკის ტრანსპორტირება ხორციელდება”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

თავდაცვის სტრატკომი მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ვიდეოების გავრცელებისგან, “რაც საზოგადოებაში უსაფუძვლო პანიკას იწვევს”.

“აქვე აღვნიშნავთ, რომ სწავლების შესახებ თავდაცვის სამინისტრომ დეტალური ინფორმაცია 12 მაისს გაავრცელა“, — ამბობს უწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი