ახალი ამბები

დიდმა ბრიტანეთმა კაბაევას, პუტინის ყოფილ ცოლსა და სხვებს სანქციები დაუწესა

13 მაისი, 2022 • 728
დიდმა ბრიტანეთმა კაბაევას, პუტინის ყოფილ ცოლსა და სხვებს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ვლადიმერ პუტინის ოჯახისა და მისი უახლოესი გარემოცვის წევრებს, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტის მეგობარ ქალად მიჩნეულ ალინა კაბაევას.

The Guardian-ის თანახმად, ქვეყნის საგარეო უწყების ეს განცხადება ნიშნავს აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას ლუდმილა ოჩერეტნაიასთვის(პუტინის ყოფილი ცოლი), ალინა კაბაევასთვის(სავარაუდოდ, პუტინის მეგობარი ქალი), ანნა ზაცეპლინასთვის(კაბაევას ბებია) და სხვებისთვის.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ოფიციალურად, პუტინის ქონება სანკტ-პეტერბურგში მდებარე პატარა ბინითა და საბჭოთა წარმოების ორი მანქანით შემოიფარგლება, მიუხედავად იმისა, რომ ის აშკარად ფლობს უზარმაზარ სიმდიდრეს, მათ შორის, იახტასა და დიდ სასახლეს შავი ზღვის სანაპიროზე.

საგარეო უწყების თქმით, მიზანში იღებენ ჩრდილოვან ქსელს, რომელსაც პუტინის მდიდრული ცხოვრების წესში წვლილი შეაქვს. ახალი სანქციების ადრესატებს შორის პუტინის ოჯახის შვიდი წევრი და მის დამფინანსებლად მიჩნეული 5 პირია.

ალინა კაბაევა ხელმძღვანელობს ჰოლდინგურ კომპანია National Media Group-ს, რომელიც ფლობს წილებს თითქმის ყველა ძირითად რუსულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებაში.

დიდი ბრიტანეთი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, კაბაევას ახლო პირადი ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტთან, მანამდე კი დუმის დეპუტატი იყო პუტინის პარტიიდან “ერთიანი რუსეთი”. კრემლმა არაერთხელ უარყო ინფორმაცია პუტინისა და კაბაევას რომანტიკულ ურთიერთობებზე.

რაც შეეხება პუტინის ყოფილ ცოლს: ისინი 2014 წელს განქორწინდნენ , მაგრამ დიდი ბრიტანეთის საგარეო დასძენს, რომ ოჩერეტნაიამ “ისარგებლა შეღავათიანი საქმიანი ურთიერთობებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სუბიექტებთან და აჩვენა მნიშვნელოვანი, დაუსაბუთებელი სიმდიდრე”.

პუტინის ოჯახის სხვა, სანქცირებულ წევრებს შორის არიან მისი ბიძაშვილი და ბიზნესმენი იგორ პუტინი, პრეზიდენტის ბიძაშვილის შვილი და საკონსულტაციო კომპანიის მმართველი რომან პუტინი და სხვები.

“პუტინი ასევე რეგულარულად ნიშნავს თავისი ნდობით აღჭურვილ პირებს და ერთგულ მხარდამჭერებს სტრატეგიულ პოზიციებზე სახელმწიფოში, აფართოებს თავის წვდომას რუსეთის ეკონომიკის ყველა მიმართულებაზე. დღეს ისინი სანქცირებული პირები არიან”, — წერს უწყება.

ამ უკანასკნელთა შორის ლონდონი ასახელებს ბიზნესმენ ალექსანდრე პლეხოვს, ბანკის მმართველ მიხაილ კლიშინს, ბიზნესმენსა და იურისტს, ვიქტორ ხმარინსა და სხვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი