ახალი ამბები

TI: ჩნდება ეჭვი, რომ სენაკში ტენდერები მერის ნათესავებზე იყო მორგებული

13 მაისი, 2022 • 1266
TI: ჩნდება ეჭვი, რომ სენაკში ტენდერები მერის ნათესავებზე იყო მორგებული

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) აცხადებს, რომ 2022 წლის მარტში სენაკის მერიის მიერ გამოცხადებულ 5 ტენდერში, რომელთა ჯამური ღირებულება 2 614 550 ლარი იყო, სენაკის მერის ბიძის და ბიძაშვილის კომპანიებმა უკონკურენტოდ გაიმარჯვეს, რაც შესაძლოა კორუფციის რისკებს შეიცავდეს.

ორგანიზაციის განცხადებით, საუბარია ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანია სს “არქეოპოლისსა” და ბიძაშვილის, იოსებ გადელიას კომპანია შპს “ინდიკოზე”. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ტენდერებში ორივე კომპანიამ უკონკურენტოდ გაიმარჯვა. TI აღნიშნავს, რომ ვახტანგ გადელია ადრე თავადაც მუშაობდა “არქეოპოლისში”. სენაკის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, იგი 2009-2013 წლებში სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

ორგანიზაციის განცხადებით, სს “არქეოპოლისმა” სამ ტენდერში გაიმარჯვა და ქალაქ სენაკის ორ ქუჩაზე და ხუთი სოფლის სხვადასხვა დასახლებაში გზის საფარი უნდა აღადგინოს, შპს “ინდიკო” კი ორი ტენდერის გამარჯვებულია. მას სენაკში, სამხედრო დასახლებაში არსებული კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის, შიდა გზების რეაბილიტაციისა და მოედნის მოწყობის სამუშაოები აქვს შესასრულებელი.

TI-ს თქმით, აღნიშნულ მომსახურებათა შესყიდვა სენაკის მერიამ თავდაპირველად 2022 წლის იანვარში სცადა, თუმცა, მხოლოდ ორი ტენდერის მეშვეობით:

„ტენდერში (NAT220001185), რომლის სავარაუდო ღირებულება 2,061,292 ლარი იყო, გამარჯვებულად სს “არქეოპოლისი” გამოვლინდა. მან მერიას სამუშაოთა შესასრულებლად 2,020,066 ლარი შესთავაზა. მეორე ტენდერში (NAT220001182) შპს “ინდიკო” გამოვლინდა გამარჯვებულად. მან მერიას ტენდერის სავარაუდო ღირებულების ოდენობის თანხა – 1,457,297 ლარი შესთავაზა.

მერიამ სს „არქეოპოლისთან“ და შპს „ინდიკოსთან“ ხელშეკრულებები ვერ გააფორმა, რადგანაც ორივე შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულება სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს აღემატებოდა და ამ ღირებულების ხელშეკრულების გაფორმებას საკრებულოს თანხმობა სჭირდება. სენაკში საკრებულოს ამ დრომდე არ დაუწყია ფუნქციონირება, პარტიათა შორის არსებული დაპირისპირების გამო. შესაბამისად, სატენდერო კომისიამ ორივე ტენდერი შეწყვიტა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

TI-ს თქმით, შეწყვეტილ ტენდერებში კონკურენტი არ ჰყოლიათ როგორც სს “არქეოპოლისს”, ასევე შპს “ინდიკოს”, რაც, სავარაუდოდ, სატენდერო პირობებით განსაზღვრულმა მაღალმა ფინანსურმა მოთხოვნებმა განაპირობა – ერთ შემთხვევაში (NAT220001182, მონაწილე – შპს “ინდიკო”) შესყიდვაში მონაწილე პირს 2019 წლის პირველი იანვრიდან უნდა ჰქონოდა ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რომელთა ჯამური ღირებულება არანაკლებ 7,877,300 ლარი უნდა ყოფილიყო. მეორე ტენდერის (NAT220001185, მონაწილე – სს “არქეოპოლისი”) შემთხვევაში კი, ორგანიზაციის განცხადებით, შესრულებული სამუშაოების ღირებულება არ უნდა ყოფილიყო 12,367,700 ლარზე ნაკლები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აცხადებენ, რომ 25 და 29 მარტს სენაკის მერიამ ორი შეწყვეტილი ტენდერის ნაცვლად ექვსი ახალი ტენდერი გამოაცხადა. კერძოდ, ორგანიზაციის თქმით, ტენდერი, რომელშიც სს “არქეოპოლისი” გამოვლინდა გამარჯვებულად, ამჯერად 3 შესყიდვად დაიყო, ასევე, 3 შესყიდვად დაიყო შპს “ინდიკოს” მიერ მოგებული ტენდერიც. TI აღნიშნავს, რომ ამ გზით მერიამ შეამცირა მომსახურებათა ღირებულება, რითაც თავიდან აირიდა ხელშეკრულების გაფორმებაზე საკრებულოს თანხმობის საჭიროება:

„სს “არქეოპოლისმა”, მონაწილეობა მიიღო და უკონკურენტოდ გაიმარჯვა იმ შესყიდვებში, რომლებშიც წინა ჯერზეც გამოვლინდა გამარჯვებულად, მის მიერ შეთავაზებული თანხის ჯამი კი თითქმის წინა, შეწყვეტილი ტენდერის იდენტურია – სხვაობა მხოლოდ 48 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება შპს “ინდიკოს”, მან სამიდან ორ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა, მესამე შესყიდვის გამარჯვებულად (ასვე უკონკურენტოდ) კი პარტია “ქართული ოცნების” შემწირველი კომპანია შპს “მშენებელი” გამოვლინდა.

როგორც წინა ორ შემთხვევაში, ასევე ახალ ტენდერებზე სენაკის მერიამ ფინანსური გამოცდილების საკმაოდ მაღალი მოთხოვნები წამოაყენა, რამაც, ჩვენი შეფასებით, მნიშვნელოვნად შეზღუდა ბაზარზე მოქმედი სხვა ალტერნატიული მიმწოდებლები და კონკურენცია, რადგანაც ამ მოთხოვნებს სენაკსა და რეგიონში მოქმედი კომპანიების უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

TI-ს განცხადებით, სს “არქეოპოლისთან” დაკავშირებულია სენაკის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ნანა ზარანდიაც – იგი 2019 წლის 8 თებერვლიდან 2020 წლის 12 ივნისამდე “არქეოპოლისის” დირექტორი იყო. ორგანიზაციის თქმით, ნანა ზარანდია ამავე დროს სენაკის მერიის სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეცაა, როგორც წინა, შეწყვეტილი ორი შესყიდვის, ასევე ახალი ექვსივე შესყიდვის დოკუმენტებში ხელს აწერს, რომ არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი არც სს “არქეოპოლისთან” და არც შპს “ინდიკოსთან”.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ვახტანგ გადელიამ ხუთივე შესყიდვაზე აღნიშნა, რომ გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი როგორც შპს “ინდიკოსთან”, ასევე სს “არქეოპოლისთან” და ხელშეკრულებათა გაფორმებაზე უფლებამოსილება მერის პირველი მოადგილისთვის აქვს დელეგირებული.

მიუხედავად ამისა, TI მიიჩნევს, რომ ზემოთ მოყვანილი გარემოებები აჩენს ეჭვებს პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს სენაკის მერიის ტენდერებში სს “არქეოპოლისისა” და შპს “ინდიკოს” მონაწილეობის პროცესი და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

ტელეკომპანია „ფორმულასთან“ სატელეფონო კომენტარში სენაკის მერი აცხადებს, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია:

„ჩვეულებრივად გამოცხადებული იყო ტენდერი, გამოვლინდა გამარჯვებული კომპანიები და ამის შედეგად იყო ეს ყველაფერი. არანაირი დარღვევა მანდ არ ყოფილა. მიმდინარე პრობლემა გვაქვს ერთადერთი, რომ სენაკის საკრებულოში არ გვყავს თავმჯდომარე. ვინაიდან 5%-ს ღირებულებას სცდებოდა, დავყავით ექვს ლოტად. ტენდერში გამარჯვებული კომპანიები გამოვლენილია და მომდინარეობს სამუშაოები“, – აცხადებს სენაკის მერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი