ახალი ამბები

ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ ჩხიკვაძეს 5.5 წლით პატიმრობა მიესაჯა — სუსი

12 მაისი, 2022 • 688
ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ ჩხიკვაძეს 5.5 წლით პატიმრობა მიესაჯა — სუსი

მამუკა ჩხიკვაძეს, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ნიქოზთან გასული წლის დეკემბერში დააკავეს, 5 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

“აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მამუკა ჩხიკვაძის უკანონოდ დაკავება და მის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებების წაყენება.

მამუკა ჩხიკვაძისთვის უკანონო პატიმრობის მისჯამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის არაჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას”, — დასძენს სუსი.

უწყების თანახმად, “მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან რეგულარულად აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და მისი უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე”.

სუს-ის განცხადებით, ჩხიკვაძისა და სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად საქართველოს ხელისუფლება იყენებს “მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და ბერკეტს”.

საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძე ყოფილი სამხედროა, რომელიც საოკუპაციო ძალებმა სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, 12 დეკემბერს დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი