ახალი ამბები

უკრაინის თანახმად, რუსეთი აღმოსავლეთით მნიშვნელოვან შეტევებს იწყებს

12 მაისი, 2022 • 1689
უკრაინის თანახმად, რუსეთი აღმოსავლეთით მნიშვნელოვან შეტევებს იწყებს

კიევი ადასტურებს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის აღმოსავლეთის გარკვეულ ნაწილებში წინსვლა აქვთ და აცხადებს, რომ მოწინააღმდეგე მნიშვნელოვანი შეტევებისთვის ემზადება.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა 12 მაისს გამოქვეყნებულ ყოველდღიურ ცნობებში დაწერა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში, ქალაქ ლიმანის მიმართულებაზე, გადაკვეთეს მდინარე ჩრდილოეთის დონეცი.

წყარო: ISW/CNN

ქალაქი ლიმანი, CNN-ის თანახმად, სლოვიანსკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს და რუსეთისთვის მის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამავე მედიის ცნობით, მდინარის აყოლებაზე არსებული ხიდები გასული ბრძოლებისას დაანგრიეს.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, „სლოვიანსკის მიმართულებაზე ოკუპანტები ახორციელებენ ჯარისკაცებს გადაჯგუფებას, რათა გააგრძელონ შეტევა ბარვინკოვესა და სლოვიანსკზე“. გენშტაბი ადასტურებს, რომ „მოწინააღმდეგემ გადაისროლა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი (BTG) შემტევი დანაყოფების გაძლიერების მიზნით“.

CNN ცოტა ხნის წინ წერდა, რომ რუსეთმა აღნიშნულ არეალში ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები დაამატა.

გენერალური შტაბი ასევე აცხადებს, რომ აღმოსავლეთით „მოწინააღმდეგე მიიწევს კუდრიაშივკისკენ, სევეროდონეცკის სიახლოვეს, ნაწილობრივი წარმატებით“.

უკრაინული მხარის განცხადებით, მეტოქის ძირითადი მიზანია, სრული კონტროლი დაამყაროს რუბიჟნეზე და დაიკავოს ქალაქები, ლიმანი და სევეროდონეცკი.

კუდრიაშივკა მცირე დასახლებაა სევეროდონეცკისა და რუბიჟნეს სიახლოვეს, სადაც უკრაინული ძალები უკვე კვირებია, რუსულ შეტევებს წინააღმდეგობას უწევენ.

CNN-ის თანახმად, უკრაინელები ვარაუდობენ, რომ სევეროდონეცკში, სადაც 15 000 ადამიანი ცხოვრობს, ჰუმანიტარული ვითარება მძიმეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი