Pussy Riot-ის წევრმა მარია ალიოხინამ, რომელიც სასამართლოს მიერ დაწესებული შემზღუდავი ღონისძიების გამო ელექტრონულ სამაჯურს ატარებდა, რუსეთი დატოვა მიტანის სერვისის კურიერის ფორმაში გადაცმულმა.
მარია ალიოხინა ცნობილი გახდა 2012 წელს, როცა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პროტესტი მოაწყო და ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ალიოხინა გასულ წელს კორონავირუსის გამო დაწესებული სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევაში ცნეს დამნაშავედ მას შემდეგ, რაც საზოგადოებას მოუწოდა ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე გასვლისკენ და ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს. შარშან ზაფხულიდან მოყოლებული აქტივისტი ექვსჯერ დააპატიმრეს 15-15 დღით, მათ შორის, შემზღუდავი ღონისძიებების დარღვევის და უკრაინაში ომის პროტესტის ნიშნად ელექტრონული სამაჯურის გადაჭრის გამო.
მიმდინარე წლის აპრილში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ალიოხინასთვის პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლის შესახებ და მას 21 დღე უნდა გაეტარებინა სასჯელაღსრულების კოლონიაში. ალიოხინა New York Time-თან ჰყვება, რომ სწორედ ამ დროს გადაწყვიტა დაეტოვებინა რუსეთი. მან გადაიცვა მიტანის სერვისის კურიერის ფორმა, რათა თავი აერიდებინა მოსკოვის პოლიციისთვის. მობილური ტელეფონი ბინაში დატოვა. მეგობარმა ის ბელარუსის საზღვართან წაიყვანა, საიდანაც ლიეტუვაში გადასვლა მხოლოდ მესამე ცდაზე მოახერხა, რადგან უცხოური პასპორტი საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩამორთმეული ჰქონდა.
„მიხარია, რომ ეს მოვახერხე, რადგან ეს იყო არაპროგნოზირებადი და მე ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ, რა გავაკეთე”, — განაცხადა მან.
ლიეტუვიდან ალიოხინამ, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, იმოგზაურა ისლანდიაში, სადაც პროუკრაინელი აქტივისტების ორგანიზებულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
ალიოხინა რუსეთში დაბრუნებას იმედოვნებს, თუმცა გაურკვეველია, როდის და როგორ შეძლებს ამას.
