ახალი ამბები

რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი რჩება — ეროვნული ბანკი

11 მაისი, 2022 • 2396
რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი რჩება — ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის ცნობით, რეფინანსირების განაკვეთი ამჟამად 11.0%-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას სები ავრცელებს.

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ 2022 წელი გლობალურად ინფლაციური პროცესების დარეგულირების პერიოდად მოიაზრებოდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ახალ რისკები წარმოშვა, რის ფონზეც მსოფლიო ბაზარზე საქონლის გარკვეულ კატეგორიაზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

“მსოფლიო მასშტაბით გაზრდილი ფასები საქართველოს ბაზარსაც გადმოეცა და ინფლაცია, მიუხედავად წლის დასაწყისთან შედარებით შემცირებისა, მაღალ დონეზე (12.8 პროცენტი) დარჩა. რომ არა ზემოხსენებული ახალი შოკი, ინფლაციის სწრაფი შემცირების ტრაექტორია იყო მოსალოდნელი. გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე საგარეო სექტორის პერსპექტივა კვლავ გაურკვევლობის შემცველია.

ამავე დროს, ბოლო პერიოდში ლარის გამყარებამ იმპორტირებული საქონლის ინფლაციის შენელებას შეუწყო ხელი. ამასთან, მართალია, ნომინალური ხელფასების ზრდის ტემპი ბოლო პერიოდში გაიზარდა, ჯამურ პროდუქტიულობას აღდგენის დინამიკა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე შრომის ბაზრიდან ინფლაციაზე მნიშვნელოვანი წნეხი არაა. მიმდინარე პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, თუმცა, წინა წლის ერთჯერადი ფაქტორების მილევის შედეგად და გამკაცრებული პოლიტიკის ფონზე, მას შემცირების მიმართულება ექნება”, – განმარტებულია სებ-ის განცხადებაში.

ბანკის ცნობით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში მაღალ დონეზე რჩება, მათ შორის, სამომხმარებლო და უცხოური ვალუტის სესხების ხარჯზე.

სებ-ის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ზრდის ტემპის შესამცირებლად ეროვნული ბანკი დამატებით ზომებსაც მიიღებს, “მათ შორის, უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის არსებული ზედა ზღვრის (ამჟამად – 25%) ზრდის ჩათვლით”. ამასთან, ბანკის განმარტებით, მოსალოდნელია, რომ ბოლო პერიოდში მიღებული მაკროპრუდენციული [ფინანსური სექტორის პროციკლურობის, ჭარბი დაკრედიტების, დოლარიზაციის, ჭარბი კონცენტრაციისა და სხვა სისტემური რისკების შემცირება] ზომები ხელს შეუწყობს სამომხმარებლო სესხების ზრდის არსებული მაღალი ტემპების ეტაპობრივ კლებას.

“რაც შეეხება ერთობლივ მოთხოვნას, განახლებული პროგნოზებით, 2022 წელს 4.5- პროცენტიანი ზრდა არის მოსალოდნელი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, პროგნოზების გაურკვევლობის მასშტაბი განსაკუთრებით გაზრდილია. ინფლაციური რისკების მატების ფონზე, გასული წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის შედეგად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია. მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.

რაც შეეხება საგარეო მოთხოვნას, 2022 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი აღდგენის ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა, საომარი მოქმედებების ფონზე, ამ მიმართულებით რისკები მაღალია. წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქონლის ექსპორტი წლიურად დაახლოებით 43 პროცენტით გაიზარდა. საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები, ანალოგიურ პერიოდში, წლიურად დაახლოებით 7.4-ჯერაა გაზრდილი, თუმცა 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირება კვლავ მნიშვნელოვანია (32 პროცენტი). გააქტიურებული შიდა მოთხოვნის ფონზე გაზრდილია იმპორტიც – 2022 წლის იანვარ-მარტში წლიურად 36 პროცენტით”, – განმარტებულია სებ-ის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 22 ივნისს ჩატარდება.

რეფინანსირების განაკვეთი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში ეროვნულ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხები სწორედ რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული და მისი გაზრდის შემთხევებაში, ათიათასობით ადამიანს სესხი გაუძვირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი