ახალი ამბები

მილიონზე მეტი ადამიანი აწერს ხელს მარიუპოლის გარნიზონის ევაკუაციის პეტიციას

10 მაისი, 2022 •
მილიონზე მეტი ადამიანი აწერს ხელს მარიუპოლის გარნიზონის ევაკუაციის პეტიციას

ვებგვერდ Change.org-ზე შექმნილ პეტიციას, რომლის ავტორიც მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებული უკრაინელი სამხედროებისა და იქ მყოფი სამოქალაქო პირების ევაკუაციას ითხოვს, 1 მილიონ 100 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

6 მაისს შექმნილი პეტიციის ავტორი “აზოვის” ბატალიონის მეთაურის, დენის პროკოპენკოს ცოლი, კატერინა პროკოპენკოა.

ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი გენერალური მდივნისგან, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებისგან მოითხოვს სამხედრო და სამოქალაქო პირების დაუყოვნებლივ ევაკუაციას, ასევე, გარდაცვლილთა ცხედრების გამოტანას მარიუპოლიდან.

საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ მოთხოვნებს შორისა:

  • ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა მარიუპოლში, გარანტიებით ორივე მხრიდან;
  • ცეცხლის შეწყვეტის პროცესის კონტროლი მესამე მხარის მიერ;
  • მშვიდობიანი მოსახლეობისა და უკრაინელი სამხედროების საზღვაო ევაკუაციის ორგანიზება უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ან მესამე, შუამავალი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

“საზღვაო ევაკუაციას შეიძლება თან ახლდეს სახმელეთო ჰუმანიტარული დერეფანი…” — ნათქვამია პეტიციაში.

იქვე აღნიშნულია, რომ:

“არაადამიანური პირობების მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიას, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, თავშესაფარს წარმოადგენს მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილებისთვის.

ასეთი პირობები არის ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა, ხელოვნურად შექმნილი რუსეთის ფედერაციის მიერ. ქალაქში საკვების, მედიკამენტების, ჰიგიენისა და პირადი დაცვის საშუალებების მნიშვნელოვანი დეფიციტია.

ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი სახლების მთლიანი დაზიანების გამო, ქალაქი მარიუპოლი აღარ არსებობს”.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ომი უკვე მესამე თვეა, მიმდინარეობს. ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქი უკრაინაში დღეს მარიუპოლია. ომის დაწყების შემდეგ ის რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდა.

ამჟამად ქალაქის დიდ ნაწილს რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. კვირების განმავლობაში, უკრაინელთა წინააღმდეგობის ბოლო წერტილი სწორედ “აზოვსტალის” ქარხანაა. ის გვირაბებისა და ბუნკერების დიდ ქსელს მოიცავს, რომელსაც სამოქალაქო პირებმა შეაფარეს თავი.

გასულ დღეებში უკრაინული და რუსული წყაროები იტყობინებოდნენ, რომ “აზოვსტალიდან” ყველა სამოქალაქო პირის ევაკუაცია განხორციელდა. თუმცა მარიუპოლის მერის თანაშემწე ამბობს, რომ ქარხანაში კვლავ რჩება სულ მცირე 100 სამოქალაქო პირი.

რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამის შემდეგ მიიღებს სახმელეთო გზას დონბასიდან ყირიმამდე და შეეძლება, შეტევა ახალი მიმართულებებით გადაიტანოს.

გამომდინარე აქედან, ქალაქი მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვისაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი