ახალი ამბები

კორძაია სააკაშვილის მდგომარეობის შესასწავლად აშშ-დან ექსპერტების მოწვევას ითხოვს

10 მაისი, 2022 • 1187
კორძაია სააკაშვილის მდგომარეობის შესასწავლად აშშ-დან ექსპერტების მოწვევას ითხოვს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია ხელისუფლებას სთავაზობს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესასწავლად ექსპერტები მოიწვიონ აშშ-ის ემორის საუნივერსიტეტო კლინიკადან.

მისი თქმით, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება არცერთ ქართველ ექიმს არ ენდობა, აშშ-დან ჩამოყვანილმა ექსპერტებმა უნდა გასცენ პასუხი კითხვაზე – არის თუ არა სააკაშვილი დღეს წამებასთან გათანაბრებულ გარემოში და შესაძლებელია თუ არა ამ გარემომ მიაყენოს არსებითი ზიანი მის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

როგორც კორძაია ამბობს, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა საჭიროა, რადგან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ხელისუფლების ქილიკი.

“იმისათვის, რომ ეს დასრულდეს და დასრულდეს ისე, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს [არ მიადგეს ზიანი], ასევე ჩვენს პერსპექტივას, იმიტომ, რომ პოლიტპატიმრით ციხეში ამ ქვეყანას პერსპექტივა არ ექნება… საქართველოს ხელისუფლებას ვთავაზობ, მოიწვიოს აშშ-ის ემორის საუნივერსიტეტო კლინიკადან მის მიერ შერჩეული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები.

იმიტომ, რომ ემორის საუნივერსიტეტო კლინიკას აქვს სახელშეკრულებო ურთიერთობა საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტთან და მასთან არსებულ კლინიკასთან. ამიტომ ეს არ არის უნივერსიტეტი, რომელსაც რაიმე ფორმით უნდობლობას გამოუცხადებს საქართველოს ხელისუფლება”, – განაცხადა კორძაიამ.

ამასთან, კორძაია ამბობს, რომ საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის პრეცედენტი არსებობს უკრაინაშიც, როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმუშენკოს პატიმრობისას მისი მდგომარეობის შესასწავლად გერმანელი ექსპერტები მიიწვიეს.


მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არალეგალური გზებით ჩამოვიდა 2021 წლის შემოდგომაზე, რის შემდეგაც დააპატიმრეს. მან შიმშილობა გამოაცხადა ციხეში, სადაც ექვსწლიან საპატიმრო სასჯელს იხდის. ბოლო პერიოდში მისი ადვოკატები და ოჯახი აცხადებენ, რომ შიმშილობის შედეგად მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დაზიანდა და მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი