ახალი ამბები

პუტინმა მობილიზაცია არ გამოაცხადა — 9 მაისი მოსკოვში

9 მაისი, 2022 •
პუტინმა მობილიზაცია არ გამოაცხადა — 9 მაისი მოსკოვში

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს მოსკოვში გამართულ აღლუმზე სიტყვით გამოსვლა ისე დაასრულა, რომ არაფერი უთქვამს უკრაინასთან ომის ოფიციალურად გამოცხადებაზე და საყოველთაო მობილიზაციაზე.

დასავლურ მედიაში ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, არსებობდა მოლოდინი, რომ პუტინი ამ დღეს სარეზერვო ძალების სრულ მობილიზაციას გამოაცხადებდა, თუმცა მას ამგვარი განცხადება არ გაუკეთებია.

პუტინმა განაცხადა, რომ ახალი თაობების მოვალეობაა, შეინარჩუნონ ხსოვნა იმათი, ვინც ნაციზმი დაამარცხა და იყონ ფხიზლად იმისათვის, რომ მსგავსი ომის საშინელება აღარ განმეორდეს.

ამის პარალელურად, მისივე განცხადებით, რუსული არმია უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ახორციელებს დონბასში ხალხის დასაცავად და სამშობლოს უსაფრთხოებისთვის.

„ახლა, ამ დღეებში, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში, ჩვენი სამშობლოს – რუსეთის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმითვე, რუსეთმა დასავლეთს „გულწრფელი დიალოგისკენ“ მოუწოდა, ოღონდ თანაბარი პირობებით. მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის იყო თანაბარუფლებიანი სისტემის შექმნის მომხრე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის.

„გასულ დეკემბერს ჩვენ შევთავაზეთ შევთანხმებულიყავით უსაფრთხოების გარანტიებზე… ნატოს ქვეყნებმა არ ისურვეს, რომ ჩვენთვის მოესმინათ“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ განსხვავებით დასავლეთისგან, თავად არის ტრადიციული ღირებულებების მხარდამჭერი. მისი თქმით, ამ ღირებულებების გაუკუღმართებამ გამოიწვია დასავლეთში მეორე მსოფლიო ომის ყალბი ნარატივების ჩამოყალიბება.

მოსკოვის აღლუმზე, გასული წლებისგან განსხვავებით, არცერთი უცხოელი ლიდერი არ ჩასულა. ასევე, არ გამოუყენებიათ თვითმფრინავებიც.

პუტინი, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აღლუმს მჯდომარე პოზიციაში, მუხლებზე სათბუნებლით აკვირდებოდა.

24 თებერვლიდან  პუტინის რუსეთი უკრაინაში იმპერიალისტურ ომს აწარმოებს, რომლის მიზანიც თავდაპირველად უკრაინის ხელისუფლებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ცვლილება იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ვერ შეძლეს კიევის დაკავება, ომის მეორე ფაზა დაიწყო, რომლის გაცხადებულ მიზანსაც აღმოსავლეთ უკრაინაში ტერიტორიული წინსვლა წარმოადგენს.

ომის მკვლევრებისა და უცხოური სადაზვერვო სამსახურების თანახმად, რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში არანაირი ან მინიმალური წინსვლაც არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი