საქართველომ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა და ტექნიკური მომზადების შემდეგ, დოკუმენტს 10 მაისს გადასცემს ევროკომისიას.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

„წინასწარ რაიმე კონკრეტულზე საუბარი ჩვენგან რთული იქნება. ყველა ის რეფორმა, რომელსაც ვატარებთ და მომავალში ჩავატარებთ, გვაძლევს იმის იმედს, რომ საქართველო ძალიან სწორად გაივლის ამ პროცედურას“, — განაცხადა დარჩიაშვილმა ევროკომისიის შეფასებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე.

საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა.

უკრაინას უკვე – 8 აპრილს, საქართველოსა და მოლდოვას კი 11 აპრილს, გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი. კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire) წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

როგორც წესი, კითხვარის შევსების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლები გრძელდება, თუმცა ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და ქვეყნებს კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ევროკომისიის შეფასება კი, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად.