ახალი ამბები

ხარკოვში თანამედროვე რუსული ტანკი T-90M გაანადგურეს

5 მაისი, 2022 • 6376
ხარკოვში თანამედროვე რუსული ტანკი T-90M გაანადგურეს

უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვში უკრაინულმა მხარემ 4 მლნ ევროს ღირებულების, რუსეთის შეიარაღებული ძალების არსენალში არსებული ყველაზე თანამედროვე ტანკი, T-90M გაანადგურა.

ინფორმაცია თავდაპირველად უკრაინელმა ჟურნალისტმა, ანდრეი ცაპლიენკომ გაავრცელა და განადგურებულ ტანკთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ხარკოვის რეგიონის ის სოფელი, სადაც ტანკი განადგურდა, უკრაინულმა მხარემ გაათავისუფლა, რის შემდეგაც რუსეთის არმიის ნაწილებმა კვლავ სცადეს შეჭრა.

„როგორც ხედავთ, ეს ძალიან ცუდად გამოუვიდათ“, – წერს ჟურნალისტი.

T-90M ტანკები რუსულმა მხარემ სულ ცოტა ხნის წინ გაგზავნა სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.

ეს არის უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის შემდეგ უკრაინული მხარის მიერ განადგურებული პირველი T-90M ტანკი.

მახასიათებლები

სამხედრო ექსპერტის, შეიარაღების სპეციალისტის, გიგა ინაშვილის ცნობით, ხარკოვთან სულ რამდენიმე დღის წინ, აპრილის ბოლოს, გამოჩნდა რუსულ საბრძოლო ქვედანაყოფებში „პრაქტიკულად ყველაზე თანამედროვე ტანკი, Т-90М Прорыв-3“.

შეიარაღების სპეციალისტი T-90M-ის მახასიათებლებს ასე აღწერს:

„უყენია Афганит-ის უახლესი აქტიური დაცვის სისტემის ელემენტები, Реликт- ის ტიპის დინამიკური დაცვის ელემენტები. ახალი ქვემეხი 2А46-М5.

ცეცხლის მართვის სისტემა დაყენებულია Калина-ს ტიპის, რომელიც თავის მხრივ მოიცავს:

  1. მეთაურის პანორამულ, ჰანტერ-კილერ ოპტიკურ სამიზნეს ПК ПАН „Соколиный глаз“.
  2. მემიზნე-ოპერატორის კომბინირებულ სამიზნეს Сосна-У.
  3. მძღოლ-მექანიკოსის სამარხიანი ვიზირი ТВН-10.
  4. ლაზერული დასხივების დეტექციის სისტემა ТШУ-1-2М.
  5. ახალი სტაბილიზატორი 2Э58.
  6. სამიზნის გაცილების სისტემა პროგრამული სოფტით.
  7. ბრძოლის ველის საინფორმაციო უზრუნველყოფის, მართვის და კავშირის სისტემა ЕСУ ТЗ“.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ომი უკვე მესამე თვეა, მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი