პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის საბოლოო მიზანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ყირიმის ჩათვლით.
”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილი იქნება“, — თქვა მან The Wall Street Journal-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სამიტზე.
მისი თქმით, უკრაინის არმიას აქვს წინსვლა გარკვეულ ტერიტორიაზე. „ჩვენ არ ვიხევთ უკან“, — თქვა მან.
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა არ წავა კონფლიქტის გაყინვაზე.
„ჩვენ არ წავალთ კონფლიქტის გაყინვაზე. მე რომ პრეზიდენტი გავხდი, იყო „მინსკი-1“, „მინსკი-2“, იყო შესაბამისი დოკუმენტები… ეს არ იყო სერიოზული დოკუმენტები. იყო შეთანხმებები ქაღალდზე, კონფლიქტი გაყინული იყო. მე ამის წინააღმდეგი ვარ, ჩვენ ნამდვილად არ გვექნება ასეთი დოკუმენტი“, — განაცხადა ზელენსკიმ, თუმცა დასძინა, რომ უკრაინას არ დაურღვევია მინსკის შეთანხმებები და არ გამოსულა მოლაპარაკებების პროცესიდან.
„ჩვენ არ დავტოვეთ მინსკის შეთანხმება, რუსეთის ლიდერმა დატოვა 24 თებერვალს, ეს საჯაროდ თქვა და მათ დაიწყეს „სამხედრო ოპერაცია“, თუმცა გვესმის, რომ ეს არის ომი, სრულმასშტაბიანი შემოჭრა. ისინი გავიდნენ და მეტჯერ ასეთ დიპლომატიურ ჭაობში უკრაინა არ შევა“, — განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში. მან ვერ მოახერხა კიევის ალყაში მოქცევა და ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს დონბასის ფრონტზე და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებებზე.