ახალი ამბები

სუბარის თქმით, თუ სააკაშვილს დასჭირდება, სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართავენ

4 მაისი, 2022 •
სუბარის თქმით, თუ სააკაშვილს დასჭირდება, სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართავენ

„ქართული ოცნების“ წევრი და ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში სუიციდის პრევენციის პროგრამა ყველაზე კარგად მუშაობს და თუ მიხეილ სააკაშვილს დასჭირდება, ამ პროგრამაში მასაც ჩართავენ.

ამის შესახებ სუბარმა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ერთ-ერთი წევრის, თენგიზ წულაძის ციტირებისას განაცხადა. სუბარის თქმით, თენგიზ წულაძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ადაპტაციურ აშლილობაზე საუბრობდა, რასაც სუიციდური ქცევაც ახასიათებს.

„მე იმედი მაქვს, არანაირ სუიციდიალურ ქცევას არ ექნება ადგილი სააკაშვილის მხრიდან, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჯერ კიდევ 2013 წელს, როცა მე ვიყავი სასჯელაღსრულების მინისტრი, ჩვენ დავიწყეთ მართვა სიუციდის პროგრამის ციხეებში და საქართველოში დღეს, მსოფლიოში ყოველ 10 000 პატიმარზე აღებული, ყველაზე ნაკლები სუიციდია. საქართველოში სუიციდის პროგრამა მუშაობს ყველაზე კარგად, იმედი მაქვს, ეს არ დასჭირდება სააკაშვილს, მაგრამ თუ დასჭირდება, ჩართული იქნება ამ პროგრამაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, სუბარის თქმით, იგეგმება, რომ მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ წევრებმა მოინახულონ, თუმცა თავად მათ შორის არ იქნება. კონკრეტულად ვინ მოინახულებს სააკაშვილს, სუბარმა არ დაასახელა.


სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საქართველოს მთავრობას მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაეყვანას სთხოვს.

ოჯახი სთავაზობს ხელისუფლებას, თუ ქართველ ექიმებს არ ენდობა, სასწრაფოდ ჩამოიყვანოს საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროების შესაფასებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი