რუსეთის ქალაქ ნიჟნევარტოვსკის სამხედრო კომისარიატის შენობას წუხელ მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. აღნიშნულის შესახებ იუწყებიან რუსული ოპოზიციური ტელეგრამ არხი Baza და რუსეთში მოქმედი ტელეკომპანია Ren TV .
Baza-ს ცნობით, უცნობმა პირმა აალებადი სითხით სავსე ორი ბოთლი კომისარიატის გასახდელში შეაგდო. აქედან ერთი მალევე ჩაქრა, მეორე შემთხვევაში კი ცეცხლი ხის პანელს მოედო.
ტელეგრამ არხი იუწყება, რომ ცეცხლი გამოძახებაზე გამოსულმა პოლიციამ ცეცხლმაქრით ჩააქრო, შემთხვევის ადგილზე კი კიდევ ერთი, გამოუყენებელი მოლოტოვის კოქტეილი იპოვეს.
ხსენებული ინციდენტის შესახებ Ren TV-ც წერს. როგორც ტელეკომპანია წერს, “ზოგიერთი ცნობით, თავდამსხმელს თან ჰქონდა სამი მოლოტოვის კოქტეილი”.
“ერთი [მოლოტოვის კოქტეილი] კომისარიატის შენობაში ჩააგდო, მეორე — ძირს დააგდო და დაამსხვრია, მესამე კი არ გამოიყენა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად კარი დაზიანდა. ხანძარი მორიგემ ცეცხლმაქრით ჩააქრო. მეხანძრეების დახმარება არ გახდა საჭირო. დამნაშავის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის”, — წერს Ren TV.
კიდევ ერთი ინციდენტი, რომელშიც მოლოტოვის კოქტეილი ფიგურირებს, 2 მაისს მოსკოვში მოხდა. მედიის ცნობით, კაცმა, რომელიც ადგილზევე დააკავეს, მოლოტოვის კოქტეილი პოლიციის მანქანას ესროლა. ცეცხლი პოლიციამ მალე ჩააქრო.
განახლება[17:43] — Baza-მ გაავრცელა ვიდეო, რომელიც, მისი ცნობით, ხსენებულ ინციდენტს ასახავს. კადრების მიხედვით, კომისარიატის შენობას მინიმუმ 7 მოლოტოვის კოქტეილს ესვრიან.