ახალი ამბები

ისრაელმა უკრაინას შესაძლოა თავდაცვითი აღჭურვილობა გადასცეს – haaretz

3 მაისი, 2022 • 3117
ისრაელმა უკრაინას შესაძლოა თავდაცვითი აღჭურვილობა გადასცეს – haaretz

haaretz-ის თანახმად, ისრაელი შესაძლოა უკრაინას უფრო მეტი სამხედრო და ჰუმანიტარული ტვირთით დაეხმაროს, რასაც შექმნილ ვითარებაში სიმბოლური ხასიათი ექნება.

ისრაელური გამოცემის მიხედვით, შესაძლო გადაწყვეტილება უკავშირდება რუსეთის მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს.

ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობები დაიძაბა. მიზეზი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაა, რომლის თანახმადაც, ფაქტი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია, ხელს არ უშლის მას, იყოს ნაცისტი, ხოლო მისი რეჟიმი – ნაცისტური. ლავროვმა პარალელი ადოლფ ჰიტლერთან გაავლო, რომელიც, მისი აზრით, ებრაული წარმოშობის იყო, რაც ისტორიულად არ დასტურდება.

გამოცემის თანახმად, გადაწყვეტილების მიმღებთა შორის შეხვედრა უახლოეს დღეებშია დანიშნული, რა დროსაც შესაძლოა, რომ გადაიხედოს უკრაინისათვის გაგზავნილი ტვირთების სია.

ისრაელური მედიის თანახმად, უკრაინაში შესაძლოა გაიგზავნოს თავდაცვითი აღჭურვილობა, მათ შორის ჩაფხუტები, ჯავშანჟილეტები და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათი.

haaretz-ის თანახმად, არსებობს შეთანხმება, რომ ამ ეტაპზე, უკრაინაში შეტევითი იარაღი არ გაიგზავნება.

რუსეთი და უკრაინა ისრაელის ასი ათასობით მოქალაქის სამშობლოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი