რადიო “საქართველოს ხმა” 23 მარტს, ტელე–რადიო ცენტრმა  12.850 ლარის დავალიანების გამო ანძიდან გათიშა . 200 ათას ლარამდე დავალიანება აქვს ცენტრათან ტელეკომპანია “იმედს”, ხოლო ტელეკომპანია “პირველ სტერეოს”  85 ათას ლარამდე. ემუქრება თუ არა გათიშვა ტელეკომპანიებს –  ტელე–რადიო ცენტრის დირექტორი ბორის ადამია არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ორივე კომპანიის წინააღმდეგ  სარჩელი მზადდება.

“საქართველოს ხმის” დირექტორი მამუკა კუჭავა “ნეტგაზეთთან” საუბარსში ამბობს, რომ ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც მათ ჰქონდათ დადებული ტელე–რადიო ცენტრთან, ამ უკანასკნელს ჰქონდა უფლება, რომ გაეთიშა რადიო ანძიდან. თუმცა ის აქვე ორმაგ სტანდარტებზეც საუბრობს.

“ჩემი დავალიანება 11 ათასი ლარი იყო, მაშინ როცა სხვებს ჩვენზე მეტი აქვთ გადასახდელი, ისინი ანძიდან არ გაუთიშავთ.”

ბორის ადამია გამორიცხავს ორმაგ სტანდარტებს. მისი თქმით, დავალიანება, რომელიც რადიოს აქვს ტელერადიო ცენტრის მიმართ უფრო მეტია, ვიდრე კუჭავას მიერ ხსენებული 11 ათასი  ლარი. ადამია ამბობს, რომ კანონის მიხედვით დაკისრებული საურავების ჩათვლით ამ დროისთვის დავალიანება, რომელიც “საქართველოს ხმას” აქვს ცენტრთან 12.850 ლარია, თუმცა რამდენიმე დღეში ამ თანხას კიდევ 3 ათასი ლარი დაემატება.

“დისკრიმინაცია და ორმაგი სტანდარტები მაშინ იქნებოდა, მე რომ რადიო 3 თვი წინ გამეთიშა, 9 თვეა არაფერი გადაუხდიათ, სხვების დავალიანება კი 4 თვის გადასახდელ თანხას შეადგენს”,–  ამბობს ადამია.

“იმედის” დავალიანება ადამიას თქმით, დაახლოებით 200 ათას ლარს აღწევს,  ” პირველ სტერეოს”  დავალიანება კი დაახლოებით 85 ათასი ლარია.

როგორც “ნეტგაზეთთან” საუბარში ადამია ამბობს, დავალიანება 4-5 თვის მანძილზე არ დაფარულა. აქამდე ორივე არხი “ასე თუ ისე იხდიდა ფულს”- ამბობს ადამია.

“ეს კომპანიები იძახიან, რომ შემოსავლები არ აქვთ, ჩვენ რა გავაკეთოთ, ხელშეკრულებაში წერია, რომ ჩვენ შეგვიძლია შევუწყვიტოთ მაუწყებლობა დავალიანების შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ რა სარგებელი გვექნება.”

ტელეიმედის დირექტორი, ოთარ ბაბუაშვილი ამბობს, რომ მისთვის ცნობილია დავალიანების შესახებ და ამბობს, რომ არხს სისტემატური ურთიერთობა აქვს კრედიტორებთან. “არ მგონია ეს პრობლემა იყოს, ეს სამუშაო პროცესია და მოვაგვარებთ.”

მისი თქმით, ტელე–რადიო ცენტრს ისინი მოელაპარაკებიან, რათა საქმე სასამართლომდე არ მივიდეს.

ადამია შიშობს, რომ მედია იქით დაადანაშაულებს ცენტრს და იტყვის, რომ მათ ებრძვიან. სინამდვილეში კი, მისი თქმით დავალიანების გამო, ტელე–რადიო ცენტრს ექმნება ფინანსური პრობლემები.

“პირველი სტერეოს” და “იმედის” გარდა, ადამიას თქმით, დავალიანებს სხვა არხებსაც აქვთ. მათ შორის ერთ-ერთი საპატრიარქოს რადიოა, რომელსაც სამი თვის მანძილზე არ გადაუხდია ტელე–რადიო ცენტისთვის ფული.

სარჩელი, რომელიც ტელერადიოცენტრმა ტელევიზიების წინაარმდეგ მოამზადა, ადამიას თქმით, შეიძლება გაიწელოს და წელიწადზე მეტიც კი გაგრძელდეს. თუმცა ცენტრს სხვა გზა არ დარჩა.

“მე ელექტროენერგიის ფულს ვიხდი, ( ანძაზე დამონტაჟებული     გადამცემების   მიერ მომხმარებული ელექტროენერგიის საფასური)  ხელფასები აქ ძალიან დაბალი აქვს ხალხს და ის შემოსული ფული, რომელიც წესით ცენტრს უნდა მოხმარდეს, იმას ხმარდება, რომ ტელევიზიების დავალიანებას ჩვენ ვიხდით.”

საქართველოს ტელერადიოცენტრს“  ქვეყნის მასშტაბით 48 ტელეანძა აქვს. ცენტრალური ანძა, თბილისში, მთაწმინდაზე მდებარეობს, სადაც განთავსებულია, ყველა წამყვანი ტელე და რადიოსადგურის გადამცემები.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *