ახალი ამბები

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის 5 პირი დამნაშავედ ცნეს

3 მაისი, 2022 • 661
„ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის 5 პირი დამნაშავედ ცნეს

სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე 5 პირი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, რომელიც გაერთიანებული იყო უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, ამავე ორგანიზაციაში გააწევრიანა საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე.

პროკურატურის ცნობით, ახლად გაწევრიანებული პირები გეგმავდნენ სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ბრძოლას, რაც საქართველოს პროკურატურისა და კონტრტერორისტული ცენტრის მიერ განხორციელებული ერთობლივი მოქმედებებით დროულად აღიკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ერთი პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო 4 პირი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა) და სასჯელის სახედ და ზომად 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი