ახალი ამბები

გავრიცხოთ… გავრიცხოთ თუ არ გავრიცხოთ

8 აგვისტო, 2011 • 1348
გავრიცხოთ… გავრიცხოთ თუ არ გავრიცხოთ

“ნათია კობერიძე ქარტიიდან შეიძლება გარიცხონ” _ ამ სათაურით გაავრცელეს ინფორმაცია სააგენტოებმა “იმიტირებული ქრონიკის” გასვლიდან მეორე დღეს. ყველა ამაზე წერდა, უსწრაფესად აიტაცა ყველამ ეს ინფორმაცია, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. ტექსტის შინაარსით მივხვდი, რომ ინფორმაციის წყარო ან ქარტიის წესდება, ან კიდევ ეთერ თურაძე, ანუ მე _ ამ შემთხვევაში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, იყო.

 

სასწრაფოდ მივმართე ყველა მედიაორგანიზაციას და ინფორმაციის გასწორება ვთხოვე, რადგან ეს ბევრი მიზეზის გამო იყო აბსურდი. ყველაზე მთავარი კი “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წესდება” იყო. ამ წესდებაში არსად წერია რადიკალური სანქციების და მით უფრო გარიცხვის შესახებ.

 

ორი წლის წინ, როცა ქარტიის ტექსტზე დავიწყეთ მუშაობა, მაშინ ჩემი და ბევრი ჩემი კოლეგის პოზიცია სწორედ ასეთი იყო: მკაცრი სასჯელი იმ ჟურნალისტებს, რომლებიც დაარღვევდნენ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს. ყველას დასჯა გვინდოდა, ვისაც რამე შეეშლებოდა. ცხადია, სასჯელის სხვადასხვა ზომაც მოფიქრებული გვქონდა.

 

სასჯელის ფორმებზე ორი წლის განმავლობაში ვკამათობდით და ვერსიაც ბევრი დაგვიგროვდა, მაგალითად _ შენიშვნა, გაფრთხილება, ჯარიმა, ფულადი ჯარიმა, გარიცხვა. არ მახსოვს, როგორი თანმიმდევრობით გვინდოდა ამ სანქციების გამოყენება, მაგრამ გარიცხვა რომ ბოლო საფეხური იყო, ეს ვიცი.

ამ ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთმანეთს არ ვხვდებოდით. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროსაბჭოს დახმარებით შიგადაშიგ ევროპელ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობდით. ჩვენ მათთან შეხვედრების დროსაც ჯიუტად ვიძახდით _ სანქციები, სანქციები, სანქციები… სანქციები არაეთიკურ ჟურნალისტებს. რომ არ დავმალო, უფრო რადიკალური მოთხოვნებიც გვქონდა, მაგალითად… მათ არ უნდა ჰქონდეთ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების უფლება. “მათში”, ცხადია, არაეთიკურ ჟურნალისტებს მოვიაზრებდით. აი, ამას ისმენდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები ორი წლის განმავლობაში და ორი წელი ცდილობდნენ აეხსნათ, რატომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება.

 

ორი წლის თავზე, როცა ქარტიის წესდებაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდებოდა, მე სანქციების მოწინააღმდეგე ბანაკში აღმოვჩნდი. ცხადია, პოზიცია მხოლოდ მე არ შემიცვლია და ისიც ცხადია, რომ გადაწყვეტილება ბრმად არ მიმიღია. უბრალოდ, ძალიან მძიმედ, ნელა ვიაზრებდი იმას, რასაც ევროპელები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპიდან მოწვეული ექსპერტები გვთავაზობდნენ.

 

და ახლა ჩემი არგუმენტები, რის გამოც არ უნდა გაირიცხონ ჟურნალისტები ქარტიიდან.

შეიძლება გარედან მაყურებელი ვერ ამჩნევს, მაგრამ საქართველოში ჟურნალისტებიც დაყოფილები ვართ მხარეებად, ბანაკებად: სახელისუფლებო ჟურნალისტები, ოპოზიციის ჟურნალისტები და ჟურნალისტები, რომლებსაც თავისუფლებაზე აქვთ პრეტენზია. და ამ ჟურნალისტურ ბანაკებში იმაზე ნაკლები კონფრონტაცია არ არის, რაც ყოველდღიურად პოლიტიკურ პარტიებზე გვესმის. ამ დაპირისპირებულ ბანაკებს ჰყავთ თავიანთი იდეოლოგები, ლიდერები და ვინ აღარ. საბჭომ ჟურნალისტები პირველ რიგში მათგან უნდა დაიცვას. წესდების ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს არის: “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დაცვის უზრუნველყოფა”.

 

ცხადია, არ მაქვს ილუზია, რომ ეს პრობლემა ხვალვე მოგვარდება და ჟურნალისტები მედიამფლობელების არაეთიკური დავალებების შესრულებაზე უარის თქმას ხვალვე გაბედავენ. მაგრამ ეს ოდესმე ხომ უნდა დაიწყოს.

 

ჰო, ასე მესმის, რომ ქარტიამ ჟურნალისტები უნდა გააერთიანოს ფასეულობის _ ეთიკური ჟურნალისტიკის ირგვლივ. და მინიმუმ ხელი არ უნდა შეუწყოს ჟურნალისტების ბანაკებად დაყოფის ტენდენციის გაძლიერებას! 

 

ეს მიზეზი _ ჟურნალისტებს შორის დაპირისპირების შემცირების ხელშეწყობა, მგონია, არის არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა გავრიცხოთ ჟურნალისტი ქარტიიდან, ან რატომ არ უნდა ავუკრძალოთ მას ჟურნალისტობა.

 

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი არის ცენზურა. როგორც კი რომელიმე ორგანიზაციას მიეცემა იმის უფლება, რომ ჟურნალისტს განაჩენი გამოუტანოს, ჩნდება ეთიკის სტანდარტების დარღვევაზე უფრო მაღალი რისკი _ ცენზურის საფრთხე. მაახსოვს თავისუფალი მედიაორგანიზაციები თუ ჟურნალისტები ამ საფრთხის შიშით რომ არ შეუერთდნენ აქამდე შექმნილ საბჭოებს.

 

და კიდევ ერთი: ვერაფრით ვხვდები, რატომ არ მივიჩნევთ სანქციად, მაგალითად, ეთიკის საბჭოს მიერ გამოტანილ ასეთ გადაწყვეტილებას _ X ჟურნალისტმა დაარღვია ჟურნალისტიკის ეთიკის სტანდარტები. ეს გადაწყვეტილება ხომ ძალიან ბევრ მედია საშუალებაში გამოქვეყნდება. ანუ ძალიან ბევრი ადამიანი გაიგებს, რომ რომელიღაც X ჟურნალისტი მუშაობისას სტანდარტებს არღვევს. და თუ ეთიკის საბჭო რამდენჯერმე გამოიტანს ასეთ გადაწყვეტილებას ამ X ჟურნალისტის მიმართ?

 

ეს საკმარისი არ არის?

 

და თუ ეს საკმარისი არ არის, რა გამოდის _ არ გვაინტერესებს გვეყოლება თუ არა მკითხველი, მაყურებელი, მსმენელი? მგონია, ბოლომდე არ გვაქვს გააზრებული ჩვენი პროფესიული მოვალეობა.

 

არადა, თუ ჟურნალისტს არ ჰყავს მკითხველი, მსმენელი, მაყურებელი, თუ ეთიკის საბჭო ორ-სამჯერ და მეტჯერ ეტყვის მას, რომ არაეთიკური ჟურნალისტია… ალბათ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა პროფესიული გადამზადების ცენტრს უნდა მიაკითხოს ჟურნალისტმა, რაღაც სხვა საქმე ისწავლოს. რა ვიცი, მე ასე მოვიქცეოდი. ანუ სხვაგან დავიწყებდი სამსახურის ძებნას.

 

25 მარტს ნათია კობერიძეს ხვდება საბჭო. ნათია “იმედიდან” ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ეთიკის ქარტიას მოაწერა ხელი. ის საუკუნის თუ არა წლის ყველაზე სკანდალური გადაცემის _ “იმიტირებული ქრონიკის” ერთ-ერთი რგოლი იყო _ ამ გადაცემის თანმდევ თოქ-შოუს უძღვებოდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ჟურნალისტების ეთიკის საბჭომ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს…

 

საჭირო ინფორმაცია:

საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოს შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა ადამიანმა თუ ის მიიჩნევს, რომ მისი ან სხვისი უფლებები დაარღვია რომელიმე ჟურნალისტმა; თუ ის მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა აჩვენა არაეთიკური კადრი ტელევიზიით ან გაზეთში გამოაქვეყნა არაეთიკური ფოტოსურათი; თუ ის მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაამახინჯა ინფორმაცია; თუ ის მიიჩნევს, რომ… მოკლედ, ძალიან მარტივი პროცედურაა. წერთ განცხადებას მედიასაბჭოს სახელზე. ამ განცხადებაში ასახელებთ ჟურნალისტის ვინაობას, რომელმაც დაარღვია თქვენი ან სხვისი უფლება, ასახელებთ მედიასაშუალებას და მასალას… განცხადებას კი აგზავნით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭოველიძის ქუჩა ¹10ა.

 

სასურველია თუ განცხადებას თან დაურთავთ სტატიას (თუ ეს მასალა გაზეთში გამოქვეყნდა) ან ვიდეოჩანაწერს დისკზე (თუ სიუჟეტი ტელევიზიაში გავიდა). თუ ამას ვერ ახერხებთ (ფაქტების თანდართვას) არაუშავს _ ის მიუთითეთ, სად გამოქვეყნდა ჟურნალისტის ნამუშევარი. განცხადებაზე ხელის მოწერა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითება აუცილებელია.

 

ამ ყველაფრის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბლოგზე: http://mediasabcho.blogspot.com/

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი