ახალი ამბები

რუსეთმა „აზოვსტალის“ დაბომბვა განაახლა, ევაკუირებულია 100 ადამიანი

2 მაისი, 2022 • 2004
რუსეთმა „აზოვსტალის“ დაბომბვა განაახლა, ევაკუირებულია 100 ადამიანი

დამოუკიდებელი უკრაინული მედიასაშუალება The Kyiv Independent-ის ცნობით, რუსეთის არმიამ ევაკუაციის პირველი ეტაპის დასრულებისთანავე განაახლა მარიუპოლში მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიის დაბომბვა. ქარხნის ტერიტორიაზე კვლავ არის დარჩენილი ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე და რამდენიმე ასეული მებრძოლი.

პირველ მაისს „წითელი ჯვრისა“ და გაეროს შუამავლობით „აზოვსტალიდან“ მოხერხდა 100 ადამიანის გაყვანა, რომელთა შორის იყვნენ მოხუცები, ქალები და ბავშვები. ისინი უკრაინის კონტროლირებადი ზაპოროჟიისკენ წაიყვანეს. ევაკუაციის დროს შეწყვეტილი იყო საომარი მოქმედებები.

მოსალოდნელია, რომ ევაკუაცია განახლდება 2 მაისის დილიდან.


ევაკუაციის პროცესს წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის ვიზიტი ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი- კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ სწორედ გაეროს დახმარებით იქნებოდა შესაძლებელი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა, სადაც ჯერ კიდევ არის დარჩენილი 100 ათასამდე ადამიანი. ომამდე ამ ქალაქში 400 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ბრძოლები არ შეწყვეტილა. ერთ-ერთი პირველი იერიში რუსულმა არმიამ მარიუპოლზე მიიტანა. აღნიშნულ ქალაქს აქვს სტრატეგიული მდებარეობა, რადგან ის ანექსირებულ ყირიმსა და სეპარატისტულ დონბასს შორის დამაკავშირებელ გზაზეა.

მარიუპოლში ასევე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალი“, რომელსაც თავს ამ დრომდე აფარებს, სულ მცირე, ათასი მშვიდობიანი მოქალაქე და  მებრძოლთა ნაწილი.

მარიუპოლს, გარდა „აზოვსტალისა“, რუსეთის არმია აკონტროლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი