ახალი ამბები

ოზურგეთის საკრებულოში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

29 აპრილი, 2022 • 1591
ოზურგეთის საკრებულოში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხს განიხილავენ.

რეორგანიზაციის მიხედვით, იგეგმება მერიის საშტატო ნუსხის 35 ადამიანით შემცირება. ენმ აცხადებს, რომ სამსახურიდან უშვებენ კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს და მათ, ვინც ოზურგეთის მერის საარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობდა. ურთიერთშელაპარაკება, გაწევ-გამოწევა და ნივთების სროლა საკრებულოს სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ენმ-ის დეპუტატმა თათია ნიკოლაიშვილმა თქვა, რომ პრორუსული ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ წევრების მიერ დაფუძნებულ „კონსერვატიულ მოძრაობაში“ მერიის თანამშრომლები არიან გაწევრიანებული.

„ოზურგეთი არის ეპიცენტრში „ალტ-ინფოს“ წყალობით, რომელმაც გადაწყვიტა ოზურგეთში ოფისის გახსნა. ამ დროს თქვენი მერიის თანამშრომლები აღმონდა, რომ პარალელურად არიან „ალტ-ინფოში“ გაწერვიანებული. დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები აგრეთვე გაწევრიანებული არიან „ალტ-ინფოში“. თქვენ ემიჯნებით თუ არა ავთანდილ თალაკვაძის მოღალატეობრივ საქციელს?“ — მიმართა თათია ნიკოლაიშვილმა მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებს.

თათია ნიკოლაიშვილის გამოსვლისას „ქართული ოცნების“ დეპუტატი ქეთი ხომერიკი ტრიბუნასთან მიიჭრა მიხეილ სააკაშვილის, 7 ნოემბრის, აგვსტოს ომის და გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის ფოტოებით.

„თქვენ არანაირი უფლება არ გაქვთ, ხმა ამოიღოთ“, — მიმართა მან ენმ-ის წევრს და მოუწოდა, „არ გაბედოს“ ივანიშვილის ხსენება.

„ნიკა მელია და მიშა, ვერ ეღირსებით ჩვენი ქეყნის ომში ჩათრევას. ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იქნება სტაბილურობა და სიმშვიდე“, — განაცხადა ხომერიკმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი