ახალი ამბები

უკრაინის დაზვერვა: ლუგანსკში მოკლულია ადგილობრივი „კოლაბორაციონისტი“

29 აპრილი, 2022 • 1503
უკრაინის დაზვერვა: ლუგანსკში მოკლულია ადგილობრივი „კოლაბორაციონისტი“

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იუწყება, რომ ლუგანსკში, ნოვოაიდარის რაიონში, ლიკვიდირებულია „კოლაბორაციონისტი“ ადგილობრივი პირი, პავლო შაროგრადსკი.

უწყების თანახმად, შაროგრადსკი, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, „საზოგადო მოღვაწედ“ ითვლებოდა, – იყო საზოგადოებრივი ცენტრის, „სპორტი ყველასთვის“, დირექტორი და დაარსებული ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია.

უკრაინული დაზვერვის განცხადებით, ოკუპაციის შემდეგ შაროგრადსკიმ დახმარება შესთავაზა „ახალ ბატონებს“ და მოწინააღმდეგეს მიაწოდა ინფორმაცია „პატრიოტების, ანტიტერორისტული ოპერაციების მონაწილეების, მათი ოჯახის წევრებისა და პროუკრაინული შეხედულებების მქონე ადგილობრივი ადმინისტრაცის თანამშრომლების შესახებ“.

სადაზვერვო სამსახურის ცნობით, შაროგრადსკის ტანისა და თავის არეში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები მიყენებული.

მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული სამშობლოს ღალატის მუხლით.

უკრაინული მხარის თანახმად, მისი ლიკვიდაციის შესახებ დეტალები ზუსტდება.


უკრაინული მხარის განცხადებით, 18 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ომის ახალი ფაზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც აღმოსავლეთ ფრონტზე ტერიტორიული წინსვლა და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დაკავებაა.

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) თანახმად, რუსულმა შეტევამ აღმოსავლეთ ფრონტზე, შესაძლოა, მიაღწიოს შეზღუდულ წარმატებებს, მაგრამ ვერ იქნება იმაზე უფრო მეტად წარმატებული, ვიდრე ჩრდილოეთ ფრონტზე, საიდანაც რუსეთს საბოლოოდ გასვლა მოუწია.

ომის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, ამჟამად რუსეთი უკრაინაში ოთხი ძირითადი მიმართულებით მოქმედებს საკუთარი ინტერესების მისაღწევად:

  • მთავარი მიმართულება – აღმოსავლეთ უკრაინა;
  • ხარკოვი და იზიუმი;
  • სამხრეთის ფრონტი;
  • სუმი და ჩრდიოლო-აღმოსავლეთის ფრონტი.

ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულება ორ ცალკეულ მიზანს აერთიანებს, მათ შორის, ქალაქ მარიუპოლის სრულად დაკავებასა და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი