ახალი ამბები

დიღმელაშვილის თქმით, სასამართლომ წილოსანისთვის 100 ლარის გადახდა დააკისრა

29 აპრილი, 2022 • 834
დიღმელაშვილის თქმით, სასამართლომ წილოსანისთვის 100 ლარის გადახდა დააკისრა

შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, სასამართლომ გაამტყუნა ნინო წილოსანის მიმართ ცილისწამების ბრალდებით და „ქართული ოცნების“ დეპუტატისთვის 100 ლარის გადახდა დაავალდებულა.

დიღმელაშვილის თქმით, საქმე ეხება წილოსანის ბიზნესპარტნიორის, ლევან ჭანტურიძის მიერ ქუთაისში, ბავშვთა სახლის აშენებაზე მოგებულ ტენდერს. დიღმელაშვილი აცხადებს, რომ შენობა აშენებიდან მალევე ჩამოინგრა. აუდიტის სამსახური კი, რომელიც საკითხს სწავლობდა, აცხადებდა, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოებზე 4 მილიონის ნაცვლად  2 მილიონი დახარჯა, ქუთაისს კი დაუსრულებელი პროექტი ჩაჰბარდა:

„ანუ სახელმწიფო უწყებამ ივარაუდა და სამხარაულის ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ უსახლკარო ბავშვებს ქუთაისის ბიუჯეტიდან მოჰპარეს 2 მილიონ ლარზე მეტი“, – ამბობს შოთა დიღმელაშვილი.

მისი თქმით, ამ დასკვნებს ნინო წილოსანის პარტნიორის მიმართ არ მოჰყოლია არანაირი სამართლებრივი მსვლელობა  და დასაჭერი ლევან ჭანტურიძე კვლავინდებურად ნინო წილოსანისა და მისი ოჯახის ბიზნესპარტნიორია რამდენიმე კომპანიაში. მისი თქმით, 2019 წელს ერთ ერთ აქციაზე  ეს დასკვნა გაიხსენა, მოჰყვა და ივარაუდა, რომ წილოსანი პარტნიორს მფარველობს:

„სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო უწყებების დასკვნები არასაკმარისი საფუძველია აქციაზე გამოსვლის დროს ნინო წილოსანის ბიზნესპარტნიორის მიმართ მფარველობაში დასადანაშაულებლად, რადგან ვერ დავამტკიცე, ტენდერი რომ მორგებული იყო, აუცილებლად ნინო წილოსანის გამო იყო მორგებული. არანაირი საქმე რატომ არ აღძრულა პოსტ-ფაქტუმ, ეგ არ ვიცით“, – ამბობს შოთა დიღმელაშვილი.

„პროცესებზე მოსამართლის კითხვების შემხედვარეს (მაგალითად, ნიშნავს თუ არა ბიზნესპარტნიორობა მისი კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობას… ააა, არა აუცილებლად?) გული მიგრძნობდა, რომ გამამტყუნებელ განაჩენს ვერ ავცდებოდი, მაგრამ საბოლოოდ მორიგებაზე მაინც უარი ვუთხარი წილოსანის წარმომადგენლებს. წავალთ სააპელაციოში, ამ სიბინძურის ყველა თანამონაწილე სად წახვალთ, როცა სამართალი მოგაკითხავთ ურმით, ან კაი შეკრული საბრძოლო ეტლით“ ,- აცხადებს დიღმელაშვილი.

დეპუტატი ნინო წილოსანი მიიჩნევდა, რომ შოთა დიღმელაშვილმა მას ცილი დასწამა, როცა დიღმელაშვილმა მისი ბიზნესპარტნიორის მფარველობაში დაადანაშაულა.

„ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგონ ცილისწამებისათვის“, — აცხადებდა 2019 წელს დეპუტატი და დასძენდა, რომ სასამართლოში იმ ადამიანებისთვისაც იჩივლა, ვინც მას, როგორც დეპუტატს, ხმა მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი