“ნატო საქართველოსთვის არ იქნება მინიმუმ 20 წლის განმავლობაში და ნატოში საერთოდ რუსეთი შეგვასწრებს, ამიტომ ჩვენ არარეალურ პროექტებს თავი დავანებოთ და მივხედოთ იმას, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ – აღვადგინოთ ურთიერთობა რუსეთთან, დავიწყოთ პირდაპირი ლაპარაკი აფხაზეთთან და ოსებთან და ეს შექმნის გაცილებით მეტ გარანტიას, რომ ქვეყანა იქნება უსაფრთხო და დაცული” – უთხრა თბილისში, ჭადრაკის სასახლეში შეკრებილ მოქალაქეებს ზვიად ძიძიგურმა.
ოპოზიციური პარტიების ნაწილის შეხვედრა მოსახლეობასთან დღეს გაიმართა. შეხვედრაზე მისულთა დიდი ნაწილი პენსიონერი იყო. სასახლის შესასვლელთან ”ეროვნული საბჭოს” ორი წარმომადგენელი სასახლეში შესული ადამიანების ხელმოწერებს აგროვებდა და “ნეტგაზეთს” განუცხადეს რომ ასე მხარდამჭერებს აფიქსირებდნენ.
შეხვედრის მიზანი პენსიონერებს და მცირე მეწარმეების სამოქმედო გეგმის გაცნობა იყო.
”ეროვნული საბჭო” საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს – 50%-იანი ბარიერის დაწესებას და საარჩევნო კომისიებში პარიტეტს, ასევე მცირე მეწარმეთეთვის ფიქსირებული გადასახადების შემოღებას, პენსიის სტაჟისა და დამსახურების მიხედვით გაცემას ითხოვს.
სამოქმედო გეგმის გაცნობისას მოძრაობა “სამართლიანი საქართველოს” ხელმძღვანელმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა: ”ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან, რომ დაინიშნოს რეგულარული ავიარეისები რუსეთსა და საქართველოს შორის”. მისი თქმით იმის მიუხედავად რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოაცხადა საქართველო–რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე თანხმობა, ავიაკომპანიებს და სატრანსპორტო ადმინისტრაციას ამ მიმართებით არაფერი გაუკეთებიათ.
ჭადრაკის სასახლეში ცნობილი გახდა რომ სოციოლოგიურ გამოკითხვაში, რომლის გზითაც ეროვნული საბჭო მერობის კანდიდატის გამოვლენას გეგმავს, გია მაისაშვილიც მიიღებს მონაწილეობას. ამის თაობაზე შეხვედრაზე ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
