ახალი ამბები

რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს სხვებიც შეუერთდებიან — ლუკაშენკო

28 აპრილი, 2022 • 1866
რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს სხვებიც შეუერთდებიან — ლუკაშენკო

ბელარუსი და რუსეთი აშენებენ საკავშირო სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია, სხვა ქვეყნებიც მიიზიდოს, — ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა რუსეთის ვორონეჟის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრე გუსევთან შეხვედრაზე.

BelTA-ს ცნობით, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის რეგიონების მხრიდან ბელორუსთან თანამშრომლობის გაღრმავების დიდ ინტერესს ხედავს.

„თქვენი წყალობით, ჩვენ გვაქვს ასეთი თანამშრომლობა და ვცდილობთ, ავაშენოთ ერთიანი საკავშირო სახელმწიფო ახალ პრინციპებზე, რათა არავინ იყოს განაწყენებული, რათა განვითარდეს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოები: ბელარუსი და რუსეთი. ასეთ კავშირს, დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც შეუერთდებიან“, — თქვა ლუკაშენკომ.

ბელარუსისა და რუსეთის საკავშირო სახელმწიფოს მრავალწლიანი იდეა გულისხმობს ერთიანი ვალუტის, სასამართლოსა და საბაჟოს შექმნას. 2021 წელს რუსეთისა და ბელორუსის ლიდერებმა ხელი მოაწერეს საგზაო რუკების სერიას, რომელიც მიზნად ისახავს ორი მეზობლის ინტეგრაციის გაღრმავებას.

2022 წლის დასაწყისში ლუკაშენკომ გამოაცხადა, რომ უკრაინა და ყაზახეთი საკავშირო სახელმწიფოს 15 წლის განმავლობაში შეუერთდებიან.

„თურქმენეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი, ვფიქრობ, მათი ეკონომიკური აუცილებლობის გამო, ასევე შეუერთდებიან“, — განაგრძო მან და დასძინა, რომ სომხეთს „არსად აქვს წასასვლელი“.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ განცხადებას ორიგინალური გეოპოლიტიკური ანალიზი უწოდა და ბელარუსის ელჩი გამოიძახა. უზბეკეთში ლუკაშენკოს „მისი რთული შიდა და გარე პრობლემების მოგვარება“ ურჩიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი