ახალი ამბები

მარტში საქართველოში რუსეთის 17 000 მოქალაქე დარჩა — IDFI

28 აპრილი, 2022 •
მარტში საქართველოში რუსეთის 17 000 მოქალაქე დარჩა — IDFI

ინფორმაციის თავსუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს 2022 წლის მარტში საქართველოში უკრაინის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების შემოსვლისა და დარჩენის შესახებ სტატისტიკას.

ინსტიტუტის თანახმად, 2022 წლის მარტის თვეში საქართველოში შემოვიდა 16 669 უკრაინის მოქალაქე, 43 152 რუსეთის მოქალაქე და ბელარუსის 19 898 მოქალაქე.

იმავე პერიოდში საქართველოში დარჩა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) უკრაინის 8 151 მოქალაქე, რუსეთის 17 201 მოქალაქე და ბელარუსის 14 030 მოქალაქე.

2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში დარჩენილი (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) უკრაინის მოქალაქეების რიცხვი 8 657-ით, რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 14 593-ით, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების რიცხვი 14 047-ით გაიზარდა.

რუსეთის მოქალაქეების შემთხვევაში, 2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში დარჩენილთა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) რიცხვი 559 %-ით არის გაზრდილი.

IDFI-ის თანახმად, 2022 წლის მარტში საქართველოში შემოსული სრულწლოვანი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების 60%, ხოლო უკრაინის მოქალაქეების მხოლოდ 35% არის მამრობითი სქესის.

საქართველოში შემოსული მამრობითი სქესის მოქალაქეებს შორის რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მხოლოდ 10%-ია 18 წლამდე ასაკის, ხოლო უკრაინის მამრობითი სქესის მოქალაქეებს შორის 39% არის არასრულწლოვანი.

IDFI-ის მიერ გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის მარტში ქვეყანაში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების 0,75%-ს ეთქვა უარი საზღვრის კვეთაზე, უკრაინის მოქალაქეების 0,38%-ს, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების მხოლოდ 0,08%-ს.

უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსეთისა და ბელარუსისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, საქართველოში გაემგზავრა უკრაინის, ბელარუსისა და რუსეთის ათასობით მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი