ისანი-სამგორის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელსაც მშობლების განზრახ მკვლელობას ედავებიან. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ოჯახის წევრები ბინაში დახოცა, შემდეგ კი იქ ცეცხლი გააჩინა, რათა დანაშაული დაეფარა.
“2022 წლის 27 აპრილს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინის კარი შიგნიდან ურდულით ჩაკეტილი დახვდათ.
ბინაში შეღწევის და ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, ნანახი იქნა 1964 წელს დაბადებული ზ.ბ.-ის და მისი მეუღლის – 1967 წელს დაბადებული ლ.თ.-ის დამწვარი ცხედრები, რომლებსაც თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდათ”, — აღნიშნავს შსს.
უწყების თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინაში მძინარე მშობლებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს თანახმად, კვალის დაფარვის მიზნით მან ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, კერძოდ: კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, შემდეგ ბინაში განზრახ გააჩინა ხანძარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“დანაშაულის ჩადენის იარაღები, ბინიდან წაღებული თანხა და ოქროს სამკაულები ამოღებულია ნივთმტკიცებად”, — დასძენს უწყება.
გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.








