IRI-ის კვლევის თანახმად, მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც რუსეთთან დიალოგს უჭერენ მხარს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2022 წლის მაისის კვლევაში გამოკითხულთა 34% ამბობს, რომ სრულად უჭერს მხარს რუსეთთან დიალოგს, 28% — ნაწილობრივ, ხოლო 36% მტკიცედ ან ნაწილობრივ წინააღმდეგია ასეთი დიალოგის.
2021 წლის ივნისის კვლევაში რუსეთან დიალოგს სრულად ემხრობოდა მოსახლეობის 56%, ნაწილობრივ — 22%, ხოლო მეტ-ნაკლებად ეწინააღმდეგებოდა 20%.
ამასთან, 23%-დან 47%-მდე გაზრდილია იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება პოზიტიურად უმკლავდება რუსეთთან ურთიერთობას. 46% ნეგატიურად აფასებს, თუ როგორ უმკლავდება საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობას, 7%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (90%) თვლის, რომ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური საფრთხე რუსეთია, მაშინ როცა პარტნიორებად განიხილავს ევროკავშირს (54%), აშშ-ს (53%) და უკრაინას (45%). რუსეთს და ჩინეთს პარტნიორად მხოლოდ გამოკითხულთა 4-4% მიიჩნევს. 20%-20% მიიჩნევს პარტნიორებად თურქეთს და აზერბაიჯანს, ხოლო სომხეთს — 7%. მოსახლეობის 77% ფიქრობს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ კვლავ გრძელდება.
რუსეთთან ომის ფონზე საქართველოს მთავრობის პასუხს უკრაინის მხარდასაჭერად სრულად ან ნაწილობრივ საკმარისად მიიჩნევს გამოკითხულთა 53%, ხოლო 44% თვლის, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები საკმარისი არ არის.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი 64%-ია. კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა.