ახალი ამბები

რუსეთმა ტრევორ რიდი აშშ-ს 2010 წელს დაკავებულ მფრინავში გაუცვალა

27 აპრილი, 2022 •
რუსეთმა ტრევორ რიდი აშშ-ს 2010 წელს დაკავებულ მფრინავში გაუცვალა

აშშ-ის მოქალაქე და ყოფილი საზღვაო ქვეითი ტრევორ რიდი, რომელიც 2019 წლიდან რუსეთში იყო დაკავებული, პატიმრების გაცვლის გზით გაათავისუფლეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ მარია ზახაროვას თქმით, რიდი რუსეთის მოქალაქის, კონსტანტინე იაროშენკოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ტრევორ რიდის გათავისუფლება დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინიტრაციამ.

ტრევორ რიდი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთში ენის სასწავლებლად იყო ჩასული, 2019 წლის 16 აგვისტოს მოსკოვში დააკავეს. გამომძიებლების თქმით, ის ქუჩაში კამათის დროს დააკავა, დაკავებისას კი რიდმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, შემდეგ კი პოლიციის მანქანაში შსს-ს თანამშრომელს თავს დაესხა. რიდი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ დაკავების მომენტში ნასვამ მდგომარეობაში იყო. 2020 წლის 30 ივლისს მოსკოვის გოლოვინსკის სასამართლომ ტრევორ რიდს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი პოლიციელის სასარგებლოდ 100 000 რუბლის გადახდა დააკისრა.

რაც შეეხება რუსეთის მოქალაქე კონსტანტინ იაროშენკოს, ის ლიბერიაში 2010 წელს დააკავეს, ექსტრადიციის შემდეგ კი აშშ-ის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იაროშენკოს ედავებიან ვენესუელიდან ლიბერიის გავლით აშშ-ში ოთხი ტონა კოკაინის ჩატანის მომზადებას. თავად მფრინავი დანაშაულს უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი