ახალი ამბები

ხელისუფალთა კომუნიკაცია სანქცირებულ პირებთან დამაზიანებელია – NGO-ები

27 აპრილი, 2022 • 1333
ხელისუფალთა კომუნიკაცია სანქცირებულ პირებთან დამაზიანებელია – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, რომლებიც ასახავს, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარს და აცხადებენ, რომ „სანქცირებულ რუს ბიზნესმენეთან, ბიზნესებთან და მათ წარმომადგენლებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კომუნიკაცია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის უკიდურესად დამაზიანებელია“.

არასამთავრობოების განცხადებით, 25 აპრილს გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის შინაარსი განსაკუთრებით შემაშფოთებელია უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად დაწესებული სანქციების შესახებ საქართველოს ხელისუფლების ორაზროვანი და პოპულისტური რიტორიკის გათვალისწინებით.

„მაშინ, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველოს სტრატეგიულმა მოკავშირე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასევე, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთს და კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს უპრეცედენტო მასშტაბის სანქციები დაუწესეს, საქართველოს ხელისუფლება ამ ღონისძიებებს არ შეუერთდა მეტიც, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა სანქციები არაფექტიანად შეაფასა, მოგვიანებით კი გაიმეორა მოსაზრება ომის გამო უკრაინელი ხალხის დასჯა-ჩაგვრისა და უკრაინის ტერიტორების დამატებით ოკუპაციის შესახებ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

„ამ ფონზე ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებულ ინტერესსა და შეშფოთებას იწვევს ნებისმიერი ინფორმაცია ქართული მხარის მათთან შეხვედრისა და შესაძლო თანამშრომლობის შესახებ, მით უფრო, ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

NGO-ების შეფასებით, აუდიოჩანაწერების შინაარსი „კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას და გავლენას საქართველოს მთავრობის მეთაურზე“.

„მაშინ, როდესაც დასავლეთის სახელმწიფოები კრემლს და რუს ოლიგარქებს ერთმანეთისგან არ მიჯნავენ და მათი სანქცირება რუსეთის აგრესიის შეჩერების მექანიზმად განიხილება, მიგვაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის უკიდურესად დამაზიანებელია სანქცირებულ რუს ბიზნესმენეთან, ბიზნესებთან და მათ წარმომადგენლებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კომუნიკაცია“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამის გათვალისწინებით, არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ევტუშენკოვს შორის გამართული საუბარი „რიგითი ბიზნესმოლაპარაკებაა“, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.

ამის გათვალისწინებით, ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ:

  • საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გახდეს 24 თებერვლის შემდეგ საქართველოს მთავრობის მეთაურის ან/და სხვა თანამდებობის პირების მიერ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ან სანქცირებულ ოლიგარქებთან, მათ ბიზნესებთან ან წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრებისა და მათი შინაარსის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მათ შორის, გაკეთდეს სარწმუნო განმარტებები საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებულ ოლიგარქ ევტუშენკოვის წარმომადგენელთან შეხვედრის შინაარსის შესახებ;
  • დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა, სანდო უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. ამ საკითხზე დამაჯერებელი განმარტებების წარმოდგენა არის ხელისუფლების ინტერესშივე, რათა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ საქართველო არანაირი ფორმით არ მონაწილეობს რუსეთისათვის დაწესებული სანქციებისგან გვერდის ავლაში;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყოს მოკვლევა ჩანაწერში გახმიანებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოახდინოს მასზე შესაბამისი რეაგირება. მოკვლევის შედეგების შესახებ აცნობოს საზოგადოებას.

25 აპრილს, იუთუბ არხზე, Cyber Kmara, გავრცელდა მორიგი აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ბიზნესმენის ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარს ასახავს.

ევტუშენკოვი, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის წარმოების ფონზე, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქთა სიაშია.

ევტუშენკოვი რუსული საფინანსო-სააქციო კორპორაცია „სისტემის“ დამფუძნებელი და მთავარი აქციონერი იყო, რომელმაც მიმდინარე წლის აპრილში, სანქციების დაწესების შემდეგ, საკუთარი წილის 10% შვილს გადაუფორმა და ამჟამად ფლობს კომპანიის 49.2%-ს.

„აღსანიშნავია, რომ კორპორაცია „სისტემა“ მსოფლიოს 2000 უმსხვილეს კომპანიას შორისაა, ფლობს 20-ზე მეტ კომპანიას და 25-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. რუსეთში მას სისტემური (Системообразующее) საწარმოს სტატუსი აქვს მინიჭებული“, – წერენ ორგანიზაციები.

„გაერთიანებული სამეფოს მიერ გამოქვეყნებულ სანქცირებულ პირთა სიაში ევტუშენკოვის შესახებ ნათქვამია, რომ ის მხარს უჭერდა რუსეთის ხელისუფლებას და სარგებელს იღებდა მისგან კონგლომერატ „სისტემის“ მფლობელობით და ამ კომპანიას ბიზნესინტერესები აქვს რუსულ ენერგეტიკაში, საინფორმაციო, საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების სექტორში, რომელთაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ხელისუფლებისათვის“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, ივანიშვილი და სანქცირებული რუსი ბიზნესმენი ევტუშენკოვი სამომავლო ბიზნესსაკითხებს განიხილავენ. ამასთან, თანხმდებიან, რომ ევტუშენკოვის წარმომადგენელს, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნდა შეხვედროდა.

ამასთან, ევტუშენკოვი სთხოვს ივანიშვილს, პირადადაც შეხვდეს მის წარმომადგენელს, რათა გადასცეს მისი პირადი დანაბარები.

არასამთავრობოების თქმით, აუდიოჩანაწერის გავრცელებას მმართველი პარტიის თავმჯდომარისა და პარლამენტის თავმჯდომარის „ორაზროვანი“ შეფასებები მოჰყვა.

პარლამენტის სპიკერმა აუდიოჩანაწერის ავთენტურობა ოფიციალურ, კომპეტენტურ დასკვნამდე, ეჭვის ქვეშ დააყენა და თქვა, რომ [აუდიოჩანაწერები] „შეუიარაღებელი ყურით და თვალითაც ჩანს, რომ მონტაჟია“, ხოლო მმართველი პარტიის თავმჯდომარემ არ იცის საუბრის ავთენტურობის შესახებ, თუმცა საუბრის შინაარსზე ამბობს, რომ არაფერია გასაკვირი, რადგან „ორი ბიზნესმენი საუბრობს ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე“.


განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

  1. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  2. საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველო
  3. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  4. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  5. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  6. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  7. ღია საზოგადოების ფონდი
  8. ბანკები და საზოგადოება
  9. მედიის განვითარების ფონდი
  10. Europe for Georgia
  11. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  12. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  13. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  14. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  15. საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი