ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანმა შესაძლოა დახუროს რუსეთის სააგენტო Sputnik-ის წარმომადგენლობა ბაქოში

27 აპრილი, 2022 • 2126
აზერბაიჯანმა შესაძლოა დახუროს რუსეთის სააგენტო Sputnik-ის წარმომადგენლობა ბაქოში

რუსეთში აზერბაიჯანული ვებ-გვერდების დაბლოკვის საპასუხოდ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბაქოში რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის წარმომადგენლობის საქმიანობა უნდა აკრძალოს. ამის შესახებ მილი მეჯლისის დეპუტატმა ვაჰიდ აჰმედოვმა განაცხადა. Sputnik-ის წარმომადგენლობა აზერბაიჯანში 2015 წლიდან არსებობს.

როსკომნადზორმა რუსეთის ტერიტორიაზე დაბლოკა ისეთი აზერბაიჯანული ვებგვერდები, როგორიცაა: Haqqın.az , Oxu.az, Minval.az, Baku.WS.

აჰმედოვის განცხადებით, ცოტა ხნის წინ “სპუტნიკის” ბაქოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად დანიშნეს რუსეთის სპეცსამსახურების ოფიცერი, რომელიც აქამდე სოხუმსა და ცხინვალში მუშაობდა.

დეპუტატი მოუწოდებს აზერბაიჯანის პრესის საბჭოსა და მედიის მხარდაჭერის სააგენტოს, მიიღონ ზომები აზერბაიჯანში “სპუტნიკის” მუშაობის შეჩერებაზე.

როგორც სააგენტო turan.az წერს, დეპუტატის ინიციატივას მხარი დაუჭირა პრესის საბჭოს ხელმძღვანელმა აფლატუნ ამაშევმა.

“ეს სააგენტო რეგულარულად არღვევს ობიექტურობას და ბალანსს. ამიტომაც საჭიროა ვიფიქროთ ამ სააგენტოს შემდგომ საქმიანობაზე აზერბაიჯანში”.

აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ “სპუტნიკი” რეგულარულად ეწევა უკრაინის წინააღმდეგ ომის პროპაგანდას.

“სპუტნიკს” წარმომადგენლობა საქართველოშიც ჰყავს, თუმცა ამჟამად “სპუტნიკის” ვებ-გვერდი საქართველოში, ისევე როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში, შეფერხებით მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი