ახალი ამბები

რუსეთი ბრიტანეთს უკრაინის წაქეზებაში ადანაშაულებს და პროპორციული ძალით ემუქრება

27 აპრილი, 2022 • 4080
რუსეთი ბრიტანეთს უკრაინის წაქეზებაში ადანაშაულებს და პროპორციული ძალით ემუქრება

რუსეთი ბრიტანეთს უკრაინის წაქეზებაში ადანაშაულებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის განსახორციელებლად და აცხადებს, რომ თუ ამგვარი „პირდაპირი პროვოკაციები“ გაგრძელდება, რუსეთი დაუყოვნებლივ მიიღებს „პროპორციულ ზომებს“.

აღნიშნული განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უწყებაში გამოეხმაურნენ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ჯეიმს ჰიპის განცხადებას. რუსეთის თავდაცვის უწყება მიიჩნევს, რომ ბრიტანეთი მხარს უჭერს უკრაინას, რუსეთის ტერიტორიაზე იერიში მიიტანონ:

„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ ლონდონის პირდაპირი პროვოკაცია, უბიძგოს კიევის რეჟიმს ქმედებისკენ. თუ ამგვარი ქმედება განხორციელდება, ეს დაუყოვნებლივ გამოიწვევს პროპორციულ პასუხს ჩვენგან. რუსეთის შეიარაღებული ძალები მუდმივ მზადყოფნაშია, გაუშვას საპასუხო, შორი დამიზნების, მაღალი სიზუსტის რაკეტები კიევში გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თუ ასეთი დარტყმა განხორციელდება, „პრობლემა არ იქნება“, თუ ამ დროს შენობებში კონკრეტული დასავლური ქვეყნების წარმომადგენლებიც იქნებიან.

აღნიშნულს წინ უძღოდა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ სრულიად ლეგიტიმური იქნება, თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიებზე მოახდენს სამიზნეების იდენტიფიცირებას საკუთარ ტერიტორიებზე თავდასხმების შესაჩერებლად.

როგორც The Guardian წერს, ბრიტანელი მინისტრი არც იმას მიიჩნევს პრობლემად, ამისთვის უკრაინა ბრიტანეთის მიერ გადაცემულ იარაღს თუ გამოიყენებს:

„ფაქტი ისაა, რომ უკრაინა სუვერენული ქვეყანაა, რომელიც მშვიდობიანად ცხოვრობდა საკუთარ საზღვრებში, შემდეგ კი სხვა ქვეყანამ გადაწყვიტა მისი საზღვრების დარღვევა და იქ 130 000 ჯარისკაცის შეყვანა. ასე დაიწყო ომი რუსეთსა და უკრაინას შორის და ამ ომში უკრაინას სჭირდება, იერიში მიიტანოს ოპონენტის შეიარაღებისა და საწვავის მარაგებზე ოპონენტის ტერიტორიაზე.

სრულიად ლეგიტიმურია უკრაინისთვის, რუსეთის ტერიტორიაზე მიიტანოს იერიში, რათა ჩამოშალოს რუსეთის შეიარაღების ლოჯისტიკა იმიტომ, რომ თუ ასე არ მოიქცევიან, ეს პირდაპირ გამოიწვევს სიკვდილს უკრაინის მიწაზე“, – აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი.

მისი თქმით, ასევე პრობლემური არ იქნება, თუ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ამგვარ ობიექტებზე დარტყმის განსახორციელებლად უკრაინა იმ იარაღს გამოიყენებს, რომელიც ბრიტანეთისა და სხვა მოკავშირეებისგან აქვს მიღებული.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი