ახალი ამბები

“მეტ სიცხადეს ველით” – ჰარცელი ჩანაწერებზე

26 აპრილი, 2022 • 815
“მეტ სიცხადეს ველით” – ჰარცელი ჩანაწერებზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, ის თვალყურს ადევნებს ივანიშვილისა და ევტუშენკოვის საუბრების სავარაუდო ჩანაწერებთან დაკავშირებული ამბის განვითარებას და კონტექსტის და ავთენტურობის შესწავლამდე კომენტარს ვერ გააკეთებს.

“მე თვალს ვადევნებ ამ ამბის განვითარებას, რომელიც აშკარად ძალიან სწრაფად ვითარდება. სანამ არ გავიგებ, რა არის კონტექსტი, ავთუნტურია თუ არა ჩანაწერები და ა.შ., კომენტარს არ გავაკეთებ და არ დავიწყებ სპეკულაციებს მის შედეგებზე. ველით მეტ სიცხადეს, რომ შევძლო კომენტარის გაკეთება”,- განაცხადა ჰარცელმა იმ კითხვის საპასუხოდ,  თუ დადასტურდა,  შეიძლება თუ არა გახდეს გამოქვეყნებული ჩანაწერები ივანიშვილის სანქცირების საფუძველი.

25 აპრილს youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც,  საუბრობენ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი.

ჩანაწერების მიხედვით, – რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, – ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ჩანაწერები youtube – ზე მომხმარებელმა cyber kmara – მ გამოაქვეყნა.

ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს.

ახალი, 25 აპრილს ატვირთული ჩანაწერის მიხედვით  კი, 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის.

ჩანაწერების მიხედვით, პირველი საუბარი 10 მარტს შედგა –  ევტუშენკოვი თითქოს ეუბნება ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც „დავითი“ ჩამოიტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი