RT-ის დირექტორისა და კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება “გასაკვირად ადეკვატურად იქცევა”. ის სვამს კითხვას, ხომ არ უნდა გააუქმოს რუსეთმა საქართველოსკენ პირდაპირ ფრენებზე დაწესებული აკრძალვა.

“საქართველოს ხელისუფლება ამ ვითარებაში გასაკვირად ადეკვატურად იქცევა. სააკაშვილი, რომელმაც ესროლა ჩვენს სამშვიდობოებს, თვითონ დააპატიმრეს, სანქციებს მხარი არ დაუჭირეს, მათი რიტორიკა უფრო მშვიდია, ვიდრე ჩვენი ОДКБ-ს ზოგიერთი წევრისა.

გავაუქმოთ მათთან საჰაერო კომუნიკაციაზე დაწესებული აკრძალვა? საპასუხოდ. მოუთმენლად ელიან”, — წერს სიმონიანი “ტვიტერზე”.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები 2019 წლის ივლისში შეწყდა. აღნიშნულს წინ უძღოდა მასშტაბური აქციები ოკუპაციის წინააღმდეგ.

ფრენების შესახებ პოსტთან ერთად სიმონიანმა გამოაქვეყნა “სპუტნიკ საქართველოს” მიერ მომზადებული მასალის სათაური “საქართველოს ხელისუფლება არ განიხილავს ოპოზიციის ინიციატივას უკრაინის ბუჩაში მომხდარი პროვოკაციის გენოციდად აღიარების შესახებ”.

აღნიშნულ მასალაში “სპუტნიკს” გამოყენებული აქვს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ნათქვამი:

“ომის პარტიას არცერთ საგარეო პოლიტიკურ ინიციატივაში არ შევყვებით იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით, რას ისახავს მიზნად თითოეული ასეთი ინიციატივა. მიზანი არის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა…”

მანამდე, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ენმ პარლამენტში დაარეგისტრირებს უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე დადგენილებას.

ენმ-ის ლიდერის თქმით, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს დააფიქსიროს პოზიცია, არის თუ არა ბუჩაში მომხდარი გენოციდი, დოკუმენტის მხარდაჭერაზე შემდგომ ნაბიჯებს კი მმართველი პარტიის პოზიციის შესაბამისად გადადგამენ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

კიევის ოლქის ქალაქი ბუჩა რუსეთის ძალების მიერ რამდენიმე კვირის მანძილზე იყო ოკუპირებული. მას შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა  ბუჩაზე კონტროლი დაიბრუნეს, ქალაქში შესულ ჟურნალისტებს და სამხედროებს ქუჩებში მოკლული ადამიანების ცხედრები დახვდათ. მათ ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული.

მოსკოვი უარყოფს თავის პასუხისმგებლობას და აცხადებს, რომ ქალაქის ქუჩებში ცხედრები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის რუსმა სამხედროებმა დატოვეს.

რუსეთის ამ მტკიცებას აბათილებს დასავლურ მედიაში გამოქვეყნებული სატელიტური ფოტოები, რომელთა მიხედვითაც ცხედრები ქუჩებში მარტის შუა რიცხვებშიც ფიქსირდებოდა, ანუ იმ დროს, როცა ქალაქს რუსი ჯარისკაცები აკონტროლებდნენ.

მთავარი ფოტო: Reuters