ახალი ამბები

აფეთქებების სერია დნესტრისპირეთში – რა ხდება რეგიონში

26 აპრილი, 2022 • 1474
აფეთქებების სერია დნესტრისპირეთში – რა ხდება რეგიონში

მოლდოვაში, დნესტრისპირეთის სახელით ცნობილ რეგიონში, რომელმაც დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადა, დე ფაქტო უშიშროების სამინისტროს შენობა და რუსეთის რადიოს გადამცემი ანძები ააფეთქეს.

კიშინოვი მომხდარ თავდასხმებს გმობს.

აფეთქებების სერია

დნესტრისპირეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 25 აპრილს რეგიონის დედაქალაქში, ტირასპოლში აქამდე უცნობი პირები თავს დაესხნენ უშიშროების დე ფაქტო სამინისტროს შენობას.

დე ფაქტო უწყების თანახმად, წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გამოიყენეს RPG-ის ტიპის ყუმბარმტყორცნები.

მოგვიანებით, 26 აპრილს, კიდევ ორი აფეთქება დაფიქსირდა სოფელ მაიაკში, სადაც უცნობმა პირებმა ორი რადიოგადამცემი ანძა ააფეთქეს.

ანძები გამოიყენებოდა რუსეთის რადიოს სიგნალის გადასაცემად.

თავდასხმების შედეგად არავინ დაღუპულა.

მოლდოვის მთავრობაში არსებული რეინტეგრაციის პოლიტიკის ბიუროს თანახმად, 25 აპრილს ტირასპოლში მომხდარი თავდასხმის მიზანი არის „დნესტრისპირეთის რეგიონში უსაფრთხოების ვითარების დასაძაბად საბაბის ხელოვნურად შექმნა“.

რა უნდა ვიცოდეთ დნესტრისპირეთზე

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოლდოვაში, ისევე როგორც სხვა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში, ეთნიკური კონფლიქტები დაიწყო.

მოლდოვაში, ძირითადად ეთნიკურად რუსი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონში, რომელიც მდინარე დნესტრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

მოლდოვაში დაპირისპირება საბოლოოდ შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა, რომელიც სამმხრივი შეთანხმებით დასრულდა, რის შემდეგაც რეგიონში რუსული სამშვიდობო ძალები განთავსდნენ, რომლებიც დოკუმენტის თანახმად, არ წარმოადგენენ კონფლიქტის მხარეს.

რეგიონის მკვლევართა, პოლიტიკოსთა და დიპლომატთა ნაწილის შეფასებით, დნესტრისპირეთში კონფლიქტის გაღრმავება რუსეთის მიერ იყო მხარდაჭერილი, რათა, როგორც სხვა რესპუბლიკებში, მოლდოვაშიც მოეპოვებინა ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლის ბერკეტი.

დნესტრისპირეთს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება უკრაინა, კერძოდ, ოდესის ოლქი, რომლის დაკავებაც ამ დრომდე ვერ შეძლეს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეძლებს ოდესის დაკავებას, მიიღებს სახმელეთო კავშირს დნესტრისპირეთთან, რაც რეგიონში მის გავლენებს გაზრდის.

მოლდოვასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები პერიოდულად იძაბება, რაც გამოწვეულია, მათ შორის, დნესტრისპირეთის კონფლიქტით, რუსეთის მიერ მოლდოვისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებისას პრობლემების ხელოვნურად შექმნით და სხვა საკითხებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი