მერობის ერთიანი კანდიდატის ინიციატორი პარტიები ამ წუთებში პენსიონერებს და მცირე მეწარმეებს ხვდებიან. ჭადრაკის სასახლეში უკვე მივიდნენ პარტიების ლიდერები, მათ შორის ზვიად ძიძიგური და ზურაბ ნოღაიდელი.
ჭადრაკის სასახლე სავსეა ხალხით, მათ შორის არიან პენსიონერებიც. სასახლის შესასვლელთან კი ”ეროვნული საბჭოს” ორი წარმომადგენელი ზის, რომელიც სასახლეში შესული ადამიანების ხელმოწერებს აგროვებს. მათი თქმით, ისინი მხარდამჭერებს აფიქსირებენ.
შეხვედრის მიზანია პენსიონერებს და მცირე მეწარმეებს სამოქმედო გეგმა გააცნონ. ასევე ცნობილი ხდება, რომ ამავე მოტივით შეხვედრები სხვადასხვა სოციალურ ფენებთან გაგრძელდება.
”ეროვნული საბჭო” საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ითხოვს: 50%-იანი ბარიერის დაწესებას და საარჩევნო კომისიებში პარიტეტს, ასევე მცირე მეწარმეთეთვის ფიქსირებული გადასახადების შემოღებას, პენსიის სტაჟისა და დამსახურების მიხედვით გაცემას.
დღესვე პარტიები მსვლელობას გეგმავენ, ჭადრაკის სასახლიდან პარლამენტის მიმართულებით. პარლამენტთან აქცია 5 საათზეა დაგეგმილი.





