ახალი ამბები

92% თვლის, რომ რუსეთი მეზობლებისთვის საფრთხეა – NDI-ს კვლევა

21 აპრილი, 2022 • 1013
92% თვლის, რომ რუსეთი მეზობლებისთვის საფრთხეა – NDI-ს კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის – NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 92 პროცენტს მიაჩნია, რომ რუსეთი მეზობლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

კითხვაზე, თუ როგორ სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს, თუ საერთოდ წარმოადგენს, რუსეთი მისი მეზობელი ქვეყნებისთვის, გამოკითხულთა 85 პროცენტი აცხადებს, რომ ის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, 7 პროცენტისთვის კი რუსეთი მცირე საფრთხის მატარებელია.

გამოკითხულთა დაახლოებით 4 პროცენტისთვის რუსეთი საფრთხეს არ წარმოადგენს. ამდენივეს არ აქვს პასუხი კითხვაზე.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გამოკითხულთა რიცხვი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, თითქმის 22 პროცენტითაა გაზრდილი.

კვლევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი