ახალი ამბები

ზახაროვას განცხადების გამო კიშინოვმა რუსეთის ელჩი დაიბარა

21 აპრილი, 2022 • 3189
ზახაროვას განცხადების გამო კიშინოვმა რუსეთის ელჩი დაიბარა

მოლდოვამ რუსეთის ელჩი ოლეგ ვასნეცოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მიერ პრეზიდენტ მაია სანდუს შესახებ „მიუღებელი ენის“ გამოყენების გამო.

19 აპრილს პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც მანამდე პარლამენტმა მიიღო უკრაინის ომში რუსული ძალების მიერ გამოყენებული სიმბოლოების, მათ შორის „Z-ს“ „V-სა“ და გიორგიევსკის ბაფთის აკრძალვის შესახებ.

„ასეთი სიმბოლოების ადგილი, ნგრევისა და სიკვდილის სხვა ბარბაროსულ სიმბოლოებთან ერთად, არის ისტორიის სანაგვეზე“, – განაცხადა მაია სანდუმ.

ამის საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „ისინი, ვინც საკუთარ თავს აძლევენ უფლებას, ასეთი სიტყვებით მოიხსენიონ სიმბოლო, რომელსაც ხალხმა სიცოცხლე შესწირა, ისტორიის ნაგავსაყრელზე თავადვე აღმოჩნდებიან“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვურჩევთ, რომ გაეცნონ მაია სანდუს მოხსენების ტექსტს, რომელიც ხელმისაწვდომია რუსულ ენაზეც და არ ტოვებს სივრცეს დამატებითი ინტერპრეტაციისთვის.

„მეორე მხრივ, უნდა გვახსოვდეს ცივილიზებული სამყაროს გამარჯვება ფაშიზმზე და ნაციზმზე. პატივი უნდა მივაგოთ დაღუპულებს და დავიცვათ მეოცე საუკუნის მთავარი ტრაგედიის – მეორე მსოფლიო ომის ხსოვნა“, – ციტირებს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტს.

მოლდოვა მოუწოდებს რუსეთს, რომ არ დაუშვას ჩარევა მოლდოვის დემოკრატიულ, ლეგიტიმურ და შიდა პროცესში.

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სიმბოლოები, რომელთაც რუსული არმია იდენტიფიკაციის მიზნით იყენებს, არაერთ ქვეყანაში აიკრძალა.

გიორგიევსკის ბაფთა მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების სიმბოლოა, თუმცა პუტინის რუსეთში პანრუსული შოვინიზმისა და იმპერიალიზმის სიმბოლოდ იქცა.

მოლდოვაში, დნესტრისპირეთის სახელით ცნობილ რეგიონში არსებული კონფლიქტისა და რუსეთის მიერ მოლდოვის გაზით მომარაგებისას პრობლემების ხელოვნურად შექმნის გამო, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები პერიოდულად იძაბება.

მასალების გადაბეჭდვის წესი