ახალი ამბები

წყნეთში მკვლელობის საქმეზე პოლიციელს 5-8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

20 აპრილი, 2022 • 1266
წყნეთში მკვლელობის საქმეზე პოლიციელს 5-8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პოლიციის თანამშრომელ ერიკ წურწუმიას, რომელსაც ბრალად ედება წყნეთში მოქალაქის „გაუფრთხილებლობით მკვლელობა“, ბრალი წარედგინა.

მას საქართველოს პროკურატურამ, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს დეტექტივს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს.

გამოძიების ვერსიით, 18 აპრილს თბილისში „სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდნენ ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი დეტექტივი [ერიკ წურწუმია] და სამმართველოს უფროსი, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის შესახებ მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შესაძლო დანაშაულის ადგილას მივიდნენ“.

გამოძიების ვერსიით, მოვლენები ასე განვითარდა:

  • „შემთხვევის ადგილზე მისულებს დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს მამაკაცი [ზურა გველესიანი] მიწაში რაღაცას ეძებდა.
  • მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მასთან მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იგი იყო დაკავებული.
  • მამაკაცმა მიწიდან ამოღებული ნივთი გადაყლაპა და გაქცევა დააპირა.
  • პოლიციელმა სცადა მისი დაკავება და შებოჭვა, რა დროსაც საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით განახორციელა გასროლა, რასაც მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა“.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მოხელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, იარაღის გამოყენებით) წარედგინა.

მას 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი