ახალი ამბები

ოპოზიციური პარტიების შეკრება ”თბილისი მარიოტში”

8 აგვისტო, 2011 •
ოპოზიციური პარტიების შეკრება ”თბილისი მარიოტში”

სასტუმრო “თბილისი მარიოტშ”  დღეს  ოპოზიციის ნაწილი შეიკრიბა. შეხვედრაზე გადაწყდა შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი გოგა ხაინდრავას ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფი ოპოზიის მომდევნო შეხვედრებს გაუწევს კოორდინირებას.

შეხვედრას, რომელიც  ლეიბორისტების ორგანიზებით მოეწყო,  არ დაესწრნენ ”ალიანსი საქართველოსთვის”, ”ქრისტიან-დემოკრატები”, ”ეროვნული ფორუმი” და ”საქართველოს გზის” წარმომადგენლები.

პარტია ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს ლიდერი” გოგი თოფაძე პრესასთან საუბარში აცხადებს, რომ ”მას გულზე არ ეხატება ნოღაიდელი”, თუმცა მაინც მივიდა ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე.

შეხვედრის თემა ”იმედის” მოდელირებული ქრონიკაა. შალვა ნათელაშვილის თქმით გარდა ამ თემისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ”ქვეყნის გადარჩენის მთავარ პრიორიტეტებს.”

შეხვედრაზე ასევე განიხილება დემოკრატიული თანამეგობრობისადმი მიმართვის ტექსტი.

მიმართვის სამუშაო ტექსტში საუბარია 13 მარტის მოდელირებულ ”ქრონიკაზე”, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაკვეთასთან არის დაკავშირებული. ტექსტში ოპოზიციური სპექტრის სახელით თხოვნაა, რომ  მიღებული იქნას ქმედითი გადაწყვეტილებები დიქტატურის დასამთავრებლად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საქართველოში.

”ხელისუფლების ყველა შტო – მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო, ადგილობრივი თვითმმართველობა მოქცეულია პრეზიდენტის პირადი კონტროლის ქვეშ. პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მოქმედებს მკაცრი სახელისუფლო, რეპრესიულ-ტერორისტული მანქანა. მასმედიის საშუალებებზე დამყარებულია სრული სახელისუფლო კონტროლი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებენ. ეწევიან ომის პროპაგანდას, რაც საერთაშორისო დანაშაულებრივ ხასიათს ატარებს.”-ნათვქამია მიმართვაში.

შეხვედრის დაწყებამდე პოლიტიკოსებმა ჟურნალისტებისთვის კომენტარები გააკეთეს, შალვა ნათელაშვილის თქმით ოპოზიციურ პარტიათა შეხვედრა ”თბილისი-მარიოტში” თავისუფალ დღის წესრიგში წარიმართება და ყველა მონაწილე პარტიას ექნება საშუალება თავისი აზრი გამოხატოს ქვეყნის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ნინო ბურჯანაძის თქმით, მთავარია, რომ ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება მოვიდეს.

შეხვედრას ასევე ესწრება ”ალიანსი საქართველოს” წევრი კოკა გუნცაძე, თუმცა ის ამ შეხვედრაზე პარტიის სახელით არ არის მოსული.

ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ გუნცაძისგან იცოდა, მოწვევის შესახებ, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან მან მიიღო. შესაბამისად, კოკა გუნცაძის არჩევანი იყო შეხვედრაზე წასვლა და მას არ ჰქონია ალიანსის მრიდან რაიმე განცხადების გაკეთების მანდატი.

რაც შეეხება ალიანსის წევრებს, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ მიზეზი რის გამოც ალიანსი არ ჩაერთო ოპოზიციის კრებაში ის არის, რომ ალიანსი უკვე ჩართულია საარჩევნო პროცესში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი