მას შემდეგ, რაც აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომელიც ქუთაისის მერიასა და საკრებულოში სხვადასხვა პრობლემურ საკითხს ასახავს, ირკვევა, რომ პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული.
საქართველოს აუდიტის სამსახურმა 2022 წლის 8 აპრილს გამოაქვეყნდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში, რომელიც 2019-2020 წლებში მერიისა და საკრებულოს საქმიანობას მიმოიხილავს.
ანგარიშში არაერთი საკითხია წინ წამოწეული და ირკვევა:
- მერიის თანამშრომლებზე 2019-20 წლებში, სოციალური დახმარებების სახით, სათანადო დასაბუთების გარეშე, 358 200 ლარი გაიცა;
- დახმარება გაცემულია მერიისა და საკრებულოს მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირებზეც, რომლებსაც, თანამდებობის პირთა დეკლარაციის მიხედვით, სოლიდური შემოსავლები გააჩნიათ;
- მუნიციპალიტეტმა, მგფ-თან სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, 22,669.5 ათასი ლარის ღირებულების ავტობუსები მიიღო, მაგრამ მერიამ არ მოითხოვა ავტობუსების ხარისხის კონტროლი, რის შედეგადაც მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის მართვის პროცესს გააჩნია არსებითი ნაკლოვანებები;
- მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემის ნაკლოვანებების გამო, თითქმის 2 მლნ ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც მოკლე პერიოდში გაუარესებულია ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობა.
გამოძიება
ქუთაისის საკრებულოს ფრაქციის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარემ, გიგა (გრიგოლ) შუშანიამ, აუდიტის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, 11 აპრილს, პროკურატურას მიმართა.
„მითითებული დარღვევები მიუთითებს, რომ ქუთაისის მერიაში ადგილი ჰქონდა დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას და არამიზნობრივ ხარჯვას, ასევე, ხშირ შემთხვევაში თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტებს“, – სწერს საკრებულოს დეპუტატი პროკურატურას.
გამოძიების დაწყების შესახებ თხოვნაზე პასუხად გიგა შუშანიამ მიიღო 15 აპრილით დათარიღებული წერილი, რომელშიც დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი, ზურაბ სვანაძე აუწყებს, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია.

წყარო: გიგა შუშანია
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს:
„მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია“.
სსკ-ის ეს მუხლი სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ან 3 წლამდე ვადით პატიმრობას.