ახალი ამბები

„გარკვეულ ეტაპზე შევძლებთ მარიუპოლში ალყის გარღვევას“ – უკრაინის თავდაცვის დაზვერვა

18 აპრილი, 2022 • 1494
„გარკვეულ ეტაპზე შევძლებთ მარიუპოლში ალყის გარღვევას“ – უკრაინის თავდაცვის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი გერმანულ გამოცემა SPIEGEL-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ გარკვეულ ეტაპზე უკრაინა შეძლებს მარიუპოლში ალყის გარღვევას.

როგორც უკრაინული გამოცემა Unian წერს, ბუდანოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მარიუპიოლის დაცემის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ქალაქი ბრძოლას განაგრძობს:

„მარიუპოლი ჩვენი ხალხისა და ჯარის გმირობის მონუმენტია, მაგალითი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელო. რუსეთი დიდი ხანია საუბრობს, რომ ქალაქი დაეცა. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ამბობდნენ, რომ ქალაქზე კონტროლი აიღეს“, – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მაღალჩინოსანი.

მისი თქმით, მარიუპოლი ბრძოლას აგრძელებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოწოდებისა დანებების შესახებ, მარიუპოლში მებრძოლებმა იარაღი არ დაყარეს და ბრძოლას აგრძელებენ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთი გაანადგურებს მარიუპოლში მყოფ უკრაინელ მებრძოლებს, მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლებელი იქნება.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. თითქმის ორი თვეა, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ჩერნიჰივის და კიევის რეგიონი დატოვეს, უკრაინული მხარე ელოდება რუსეთის ჯარების გადაჯგუფებას და გაძლიერებულ შეტევას დონბასის რეგიონის მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი