ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ ანგრევს რუსეთი უკრაინაში ეკლესიებს

19 აპრილი, 2022 • 2317
როგორ ანგრევს რუსეთი უკრაინაში ეკლესიებს

„არ გვიყვარხართ, არ ვგლოვობთ, არ დავივიწყებთ, არ გაპატიებთ“, – აწერია სიმბოლურ საფლავის ქვაზე, რომელიც უკრაინელებმა ვლადიმერ პუტინს დაუდგეს ჟიტომირის ოლქის ქალაქ მალინში, რუსეთის დაბომბვის შედეგად ნაწილობრივ განადგურებულ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.

მალინი, უკრაინა, 2022 წლის 22 მარტი. ფოტო: EPA

მალინის რუსული ეკლესია ერთ-ერთია იმ 100-მდე რელიგიურ ნაგებობას შორის, რომელიც დაზიანდა უკრაინაში რუსეთის საჰაერო და საარტილერიო დარტყმების შედეგად. ამავე სიაშია: 1801-04 წლებში აგებული ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ჩერნიჰივში, ხის არქიტექტურის ძეგლებს მიკუთვნებული ტაძარი სოფელ ლუკიანოვკაში, უძველესი ეკლესია ვოლნოვახაში, ღვთისმშობლის შობის ტაძარი (აშენდა 1892 წელს) კიევის ოლქში, მე-19 საუკუნის ამაღლების საკათედრო ტაძარი იზიუმში, სვიატოგორსკის ლავრა, მაცხოვრის ტაძარი დონეცკში, მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესია მარიუპოლში და სხვა.

რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში ანადგურებენ არა მხოლოდ სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, არამედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რელიგიური ობიექტების ჩათვლით. უკრაინის კულტურის სამინისტროს მიერ დოკუმენტირებულია კულტურული მემკვიდრეობის განადგურების და დაზიანების დაახლოებით 200 ეპიზოდი. მათ შორის, ყველაზე მეტი ზიანი რელიგიურ ნაგებობებს მიადგა.

ხედი დაზიანებული ეკლესიის შიგნით, იასნოგოროდკაში,2022 წლის 28 მარტი. ფოტო: EPA

უკრაინული მხარის ცნობით, 2022 წლის 13 აპრილის მდგომარეობით, დანგრეული ან დაზიანებულია 82 რელიგიური ნაგებობა, რომელთაგან 29 არის ისტორიის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების ძეგლი. განადგურდა ან დაზიანდა მეჩეთები, სინაგოგები, პროტესტანტული ეკლესიები, რელიგიური საგანმანათლებლო დაწესებულებები და  რელიგიური ორგანიზაციების ადმინისტრაციული შენობები, თუმცა ყველაზე დიდი ზიანი მართლმადიდებლურ ეკლესიებს (მათ შორის, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ტაძრებს) მიადგა. “დენაციფიკაციის” მოტივით უკრაინაში შეჭრილმა რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს ჰოლოკოსტის მემორიალიც ხარკოვში.

„სამწუხაროდ, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან მარცხით განრისხებული რუსები ანადგურებენ უკრაინულ კულტურას, რომელიც უკრაინელი ხალხის იდენტობის საფუძველია. პრობლემად რჩება ინფორმაციის მოპოვება დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან და აქტიური საომარი მოქმედებების ზონებიდან, იმიტომ, რომ ომი გრძელდება“, — აცხადებს უკრაინის კულტურის სამინისტრო.

UNESCO-ს მონაცემებით, რომელიც ბოლოს 14 აპრილს განახლდა, დადასტურებულია 102 კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის დაზიანება: 47 რელიგიური შენობა, 9 მუზეუმი, 28 ისტორიული შენობა, 3 თეატრი, 12 ძეგლი და 3 ბიბლიოთეკა.

ვოლნოვახა. ფოტო: როიტერსი

უკრაინაში რელიგიური სალოცავების განადგურებას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ ეუთო და ევროპის საბჭო.

„ჩვენ შეძრწუნებული ვართ რელიგიური და სალოცავი ადგილების განადგურებით, როგორებიცაა ეკლესიები, სინაგოგები და მეჩეთები. კრიზისის დროს ისინი, როგორც არასდროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მრავალფეროვანი რელიგიური თემებისთვის. ევროპის საბჭო დაარსდა ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ეუთო შეიქმნა ცივი ომის მწვერვალზე, ევროპის კონტინენტისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების დაპირებით. ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც მზად ვართ ხელი შევუწყოთ მშვიდობიან დიალოგს, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს რელიგიური სალოცავების განადგურება, რაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქის განურჩევლად მკვლელობასთან ერთად, წარმოადგენს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ“, — ნათქვამია ეუთო-სა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • რაბინი ენდრიუ ბეიკერი, ეუთო-ს თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი ანტისემიტიზმთან ბრძოლის საკითხებში;
  • ელჩი მეჰმედ პაჩაჩი, ეუთო-ს თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი მუსლიმთა მიმართ შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში;
  • პროფესორი რეგინა პოლაკი, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში;
  • დანიელ ჰოლტგენი, ევროპის საბჭოს სპეციალური წარმომადგენელი ანტისემიტური, ანტიმუსლიმური და რელიგიური შეუწყნარებლობისა და სიძულვილის დანაშაულის სხვა ფორმებში.

ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას უკრაინელები დამცავი ნაგებობებით, ქვიშის ტომრებით ცდილობენ. ეკლესიებში ცეცხლმაქრები დაარიგეს. მუზეუმებში დაცული ძვირფასი ხელოვნების ნიმუშების ნაწილი საიდუმლო სარდაფებში გადაიტანეს. ასევე, უკრაინას დაწყებული აქვს მტკიცებულებების შეგროვება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების შესახებ. ონლაინ მონაცემთა ბაზის შევსება შესაბამისი ფოტო-ვიდეომასალის წარდგენით მოქალაქებს შეუძლიათ საიტზე: culturecrimes.mkip.gov.ua. 1954 წლის ჰააგის კონვენციის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება ომის დანაშაულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი