ჩინეთმა “მიმდინარე სამეცნიერო პროექტთან” დაკავშირებით კონტაქტი შეწყვიტა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრებთან. რუსული სამთავრობო მედიის, “რია ნოვოსტის” ცნობით, ამის შესახებ აკადემიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე სერგეევმა “ციფრული საერთაშორისო ურთიერთობების” კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას “დასავლეთში ჩამოყალიბებული ნეგატიური დამოკიდებულებების ფონზე” საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობები უჭირს.
“თუ სამხრეთსა და აღმოსავლეთზე ვსაუბრობთ, სამწუხაროდ, შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ჩვენმა ჩინელმა კოლეგებმაც “პაუზა გამოაცხადეს”. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვერ ვახერხებთ მათთან დაკავშირებული ვითარების სერიოზულ განხილვას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნამდვილად კარგად ვთანამშრომლობდით და რეგულარული კომუნიკაციაც გვქონდა”, – განაცხადა აკადემიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ამჟამად რუსული მეცნიერების სანდო პარტნიორად რჩება ინდოეთი, რომელთანაც კონტაქტები “არათუ შეწყდა, არამედ მყარდება”. სერგეევის განცხადებით, ინდოეთის საელჩოს სამეცნიერო ატაშესთან შეხვედრა მომავალ კვირას აქვთ ჩანიშნული.
გარეკანის ფოტო: RIA
