ნიკო კვარაცხელიას საქმეზე საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული გაამტყუნა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალეკო ჭელიძეს მიესაჯა 17-წლიანი პატიმრობა, ხოლო გიორგი კაველაძეს – 16-წლიანი. ამასთანავე, ორივე მათგანს 5 წლით იარაღის შეძენა/შენახვა/ტარების უფლება აეკრძალა.

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გაიზიარა ბრალდების მხარს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განმარტა, რომ მტკიცებულებები ადასტურებს იმასაც, რომ ჭელიძემ და კაველაძემ დანაშაული ჩაიდინეს ჯგუფურად.

მათ შორის – „ისინი საათობით იმყოფებოდნენ იმ ანძასთან, რომელიც ნიკო კვარაცხელიას ემსახურებოდა – ეს უტყუარად მიუთითებს მათ ტერიტორიაზე ყოფნას“. ამასთანავე, მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა ქუჩის სათვალთვალო კამერების ვიდეომასალები  და მოწმეთა ჩვენებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარება) დაიწყო.

ნიკო კვარაცხელია ვერაზე 2021 წლის 15 სექტმბერს დაჭრეს, ის მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.